
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა წელს 84-მდე გაიზარდა.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 54 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, ცხადყოფს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს"- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეზოლუცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ, პანდემიის გამო შეჩერებული მუშაობის განახლების შემდეგ მიიღო.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.