"სროლის დროს იმყოფებოდა გარდაცვლილის გვერდით, მან გარკვევით დაინახა მსროლელი" | მთაწმინდაზე, მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გრიგოლ ზარნაძე, რომელიც თბილისში, მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მას ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით ისარგებლა:

"ბრალდებული კონფლიქტის დროს იმყოფებოდა ბარში, სროლის დროსაც იმყოფებოდა გარდაცვლილის გვერდით და მსროლელისგან დაშორებული იყო 7-8 მეტრით, მან გარკვევით დაინახა მსროლელი, ბრალდებული იცნობს მესროლეს, ისინი არიან უბნელები, ისინი არიან ძალიან ახლობლები.

ზუსტად დაინახა თუ რა მოხდა და გამოძიებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო პირი, რომელმაც სროლა განახორციელა" თქვა პროკურორმა აღკვეთის შეფარდების პროცესის შემდეგ.

ბრალდების პოზიციას არ იზიარებს დაკავებულის ადვოკატი და ამბობს, რომ ზარნაძეს ცრუ ჩვენება არ მიუცია:

"აბსოლუტურად არ უარყოფს, რომ იმყოფებდა იქ, სადაც მოხდა შემთხვევა, ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა საავადმყოფოში, სადაც რამოდენიმე საათში მივიდა პოლიცია და წაიყვანეს და მისცა ჩვენება ის, რაც რეალურად დაინახა. 5 ტყვია რომ ისვრის, თუ ადამიანს ზუსტად ვერ აღწერს, ეს არ არის დანაშაული"-  ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, ბაჩო სირაძის აღკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ამ წუთები მსჯელობს. 

მკვლელობა თბილისში 18 თებერვალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. 24 წლის ახალგაზრდას  7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლეს.

დანაშაულში ბრალდებულები შსს-მ  ორი პირი გუშინ, 19 თებერვალს დააკავა. მკვლელობაში ბრალდებული "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაჩო სირაძეა,  რომელიც პოლიციამ ქვეყნის დატოვების მცდელობისას, ყაზბეგში აიყვანა. 

პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა- ზარნაძეს  სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება) , ხოლო სირაძეს - 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) , რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი