დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმის პროცესზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილმა მისცა ჩვენება. მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 9 თვის განმავლობაში ებარა.
დაცვის მხარის ადვოკატების თქმით, მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალი აბსურდია და საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. უფლებადამცველები ამბობენ, რომ თემურ ჯანაშიას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისთვის წაყენებული ბრალი უნდა მოეხსნას.
მოწმემ დაადასტურა, რომ განკარგულებები, რომლებსაც პრეზიდენტი თუ პრემიერები გამოსცემდნენ, ვალდებულები იყვნენ შეესრულებინათ - მღებრიშვილს ბექა ბასილაიამ ჰკითხა, როდესაც 9 თვის მანძილზე ხელმძღვანელი იყო, ყოფილა თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, რომ სამსახურს არ შეესრულებინა მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები - "არა რა თქმა უნდა" - უპასუხა მღებრიშვილმა და ასევე თქვა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა პრემიერმინისტრის ბრძანებები სამსახურს არ შეესრულებინა.
ის დაეთანხმა ადვოკატის კიდევ ერთ დებულებას, რომ ერთ შემთხვევაში პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები და მეორე შემთხვევაში პრემიერის სამართლებრივი აქტები სამსახურისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.
"ჩვენ გვაქვს ასევე საბანკო ამონაწერები ვალერიან კილაძის საბარათე ანგარიშიდან, რომელსაც დაახლოებით მილიონ ლარამდე, რომ დავამრგვალოთ, ერიცხება მას შემდეგ, რაც თემურ ჯანაშია არ არის ხელმძღვანელი პირი და ხელმძღვანელი არის ანზორ ჩუბინიძე, დაცვის სპეციალური სამსახურიდან ერიცხება თანხები და ამ თანხებს ხარჯავს, რიგ შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე, რიგ შემთხვევაში მგზავრობაზე, რიგ შემთხვევაში სასტუმრო მომსახურებაზე, რიგ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებაზე.... კილაძე კვლავ იგივე წესით ხარჯავს თანხას, რაზეც ბრალი აქვს თემურ ჯანაშიას წაყენებული", - თქვა ბასილაიამ.
მღებრიშვილმა თქვა, რომ აღნიშნული პირველად ესმის.