უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იტალიასთან,კანადასთან და ბელგიასთანაც გააფორმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მყარ საფუძველს ქმნის უკრაინისა და მისი პარტნიორი ქვეყნების გრძელვადიან თანამშრომლობას უსაფრთხოების კუთხით.
„დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საჭირო მხარდაჭერას. ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა აგრესია, იტალია დაეხმარება მომავლის აშენებაში“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯა მელონიმ.
როგორც კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, უსაფრთხოების შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის 3 მილიარდი კანადური დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას.
„წელს ბელგიის სამხედრო კონტრიბუცია მილიარდზე მეტი იქნება. ჩვენ ვართ F-16 კოალიციის წევრი და ვამზადებთ თქვენს პილოტებს, რათა მათ შეძლონ რაც შეიძლება სწრაფად თქვენი ცის დაცვა, - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა ალექსანდრე დე კროუმ.
მისივე თქმით, ბელგიამ გადაწყვიტა ბელგიის განვითარების სააგენტოს ოფისის გახსნა კიევსა და ხარკოვში და ამჟამად მუშავდება რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხიც.
განცხადებები დასავლელმა ლიდერებმა კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ისინი უკრაინაში დღეს, ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდნენ.
ცნობისთვის, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან.