რატომ არ ერთვება FBI 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. განმარტება დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გააკეთა.
კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ოჯახს. ეს უდიდესი ტრაგედიაა განსაკუთრებით ოჯახისთვის, რომელიც შვილს კარგავს. ვხვდებით, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის, ვუსამძიმრებ ოჯახს. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართლადამცავი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება აშშ-ზე. რაც შეეხება მათ საქმიანობას ფარგლებს გარეთ, ეს ხდება მაშინ, როცა საქმეში აშშ-ს მოქალაქეა ან აშშ-ს ინტერესია, სხვა მხრივ მათი იურისდიქცია საკმაოდ შეზღუდულია, - თქვა კელი დეგნანმა.
ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს. დღესვე განმარტება გააკეთეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს, შესაბამისად მათი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ვერ ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.