თბილისის საქალაქო სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის რეზი გამხიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა, მისი შუამდგომლობა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მის სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს. მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თუმცა დუმილის უფლებას იყენებს.
საქმის პროკურორი კი გლდანში მომხდარის დეტალებზე საუბრობს:
"ამ ეტაპზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა გარდაცვლილი, თავის ორ შვილთან ერთად. ბრალდებულმა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი მამა ცივი იარაღით დაჭრა. მას შემდეგ, რაც დარტყმის სიმძლავრიდან გამომდინარე დანა გატყდა, ბრალდებული სამზარეულოში გავიდე მეორე დანის ასაღებად და ამ დროს უკვე მას ხელი შეუშალა არასრულწლოვანმა დამ," - ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გლდანში შვილმა მამა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობას ერთადერთი მოწმე გამხიტაშვილის არასრულწლოვანი დაა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.