
რუსი ოპოზიციონერისა და პუტინის კრიტიკოსის, ბორის ნადეჟდინის, 2 მხარდამჭერი საქართველოში არ შემოუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის ფილიალის დირექტორი, ეგორ კუროპტევი ავრცელებს და წერს, რომ ეს ადამიანები ნადეჟდინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგორვებაში ეხმარებოდნენ.
როგორც კუროპტევი აღნიშნავს, რეისის მოლოდინში მყოფ აქტივისტებს პოლიციამ საკომუნიკაციო საშუალებები ჩამოართვა. რუსეთიდან ჩამოფრენილი ერთ-ერთი აქტივისტი უკან გაამგზავრეს.
"ასეთი მოქმედებები არის არა მხოლოდ იმ ადამიანთა უფლებების დარღვევა, რომელთაც პოლიტიკური მიზეზებით ართმევენ იმ ქვეყანაში დაბრუნების უფლებას, რამდენიმე წელია, მათ ერთადერთ სახლად და თავშესაფრად რომ იქცა, არამედ პოლიტიკური ზეწოლაც იმ ადამიანებსა და ჯგუფებზე, რომლებიც არ იზიარებენ კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და სხვადასხვა ფორმებით უპირისპირდებიან მას", - აღნიშნა კუროპტევმა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ნადეჟდინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ხელმოწერებს თბილისში აგროვებდა. თუმცა, 8 თებერვალს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ცესკომ მიზეზად მხარდამჭერების დიდი რაოდენობით არასწორი ხელმოწერები დაასახელა. ნადეჟდინის გუნდმა ვერ დაუმტკიცა კომისიას, რომ ხელმოწერები შეცდომით იქნა უარყოფილი.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, არჩევნებში კიდევ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ნადეჟდინი ოპოზიციის საუკეთესო იმედად ითვლებოდა.
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ნადეჟდინმა მხოლოდ 95 587 ლეგიტიმური ხელმოწერა შეაგროვა, 100 000-იან ნიშნულზე კი 5 000 ხმა აკლდება.