რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზით იღებს | სენატორი

გამოქვეყნდა:

ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა სამშაბათს გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის საქართველოდან იპორტის გზითაც იღებს. 

მან თქვა, რომ ნახევარგამტარების ამერიკელმა მწარმოებლებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა მათი ჩიპები უკანონოდ არ მოხვდნენ რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობაში.

დემოკრატმა სენატორმა, ზედა პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო საკითხთა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ანგარიშებმა აჩვენა, რომ აშშ-ის წარმოების ჩიპები და სხვა ტექნოლოგიები კვლავ გვხვდება უკრაინის ბრძოლის ველზე რუსული აღჭურვილობის ფართო სპექტრში, დრონებითა და რადიოთი დაწყებული რაკეტებითა და ჯავშანტექნიკით დამთავრებული.

"მიუხედავად ექსპორტის კონტროლის მნიშვნელოვანი გაფართოებისა, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსული სამხედრო აღჭურვილობის მრავალი უცხოური კომპონენტი დასავლეთის ქვეყნებიდანაა. რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2800 უცხოური კომპონენტის 70 პროცენტზე მეტი, სავარაუდოდ, ამერიკული ფირმებისგან იყო. 

გასაგებად რომ ვთქვათ, ქვეკომიტეტს არ მიუღია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სამხედრო კომპონენტების ამერიკელი მწარმოებლები, როგორიცაა ნახევარგამტარები, არღვევენ აშშ-ს ექსპორტის კონტროლს.

ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები - კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი - ლეგალურად ახორციელებენ აშშ-დან სამხედრო კომპონენტების იმპორტს და შემდეგ პირდაპირ ან ირიბად ახორციელებენ ნახევარგამტარების ექსპორტს რუსეთში საბოლოო მომხმარებლებისთვის", - თქვა მან.

ქვეკომიტეტმა მოიძია დოკუმენტები და ინფორმაცია ჩიპების ოთხი მწარმოებლისგან. წინასწარი მონაცემები აჩვენებს 2021 წლიდან მოყოლებული  ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი შესაძლოა იყენებს კონტროლის თავიდან ასაცილებლად.

სამმა მოწმემ, რომლებმაც ჩვენება მისცეს სხდომაზე, აღწერეს, თუ როგორ ადევნებდნენ თვალყურს მათი ორგანიზაციები რუსულ იარაღში ამერიკული ჩიპებისა და კომპონენტების გამოყენებას.

სენატორმა დაასახელა კომპანიებიც, რომელთა მიერ წარმოებული ნახევარგამტარები და სხვა ტექნოლოგიები, აღმოაჩინეს იარაღში, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში - Intel, AMD, Analog Devices და Texas Instruments. 

"მოდით, შევხედოთ რიცხვებს: ჩვენ შევჩერდით ოთხ ამერიკულ კომპანიაზე, რომელთა ექსპორტი 2021 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ასტრონომიული მასშტაბით, 1 000-ჯერ გაიზარდა ყაზახეთში. ეს ამავე პერიოდის საქართველოს მაჩვენებლებს ემთხვევა. ასევე, 34-ჯერ მათი ექსპორტი გაიზარდა სომხეთში, 20-28-ჯერ თურქეთში და ერთნახევარჯერ ფინეთში. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ამ ხუთის გარდა, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ჩინეთში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც რუსეთი ექსპორტის კონტროლის თავიდან ასაცილებლად იყენებს. რუსეთი ამ მხრივ წარმატებას აღწევს და ფრონტისთვის კრიტიკული საქონელი იმ დონეზე შეაქვს, რომელიც უკრაინაში შეჭრის წინა პერიოდს, თითქმის, მთლიანად შეესაბამება", - თქვა სენატორმა.

სენატორმა თქვა, რომ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის რეჟიმი ლეტალურად არაეფექტურია და საჭიროა რაღაც გაკეთდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი