ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში, რუსული ნომრით ავტომობილი ხშირად დგას. სავარაუდოდ, ბევრ თანამშრომელს გაუჩნდებოდა კითხვა - ვინ არის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული ის პირი, ვინც რუსულნმრიანი ავტომობილით გადაადგილდება. სახელს და გვარს გაიგებდნენ, მაგრამ ზემდგომები მეტი კითხვის დასმის უფლებას ალბათ აღარც მისცემდნენ.
ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელებს, კოკი და გეგა ვერულიძეებს ეკუთვნით. ძმები ახლა ბათუმში ცხოვრობენ, მანამდე კი, წლების განმავლობაში, რუსეთში იმყოფებოდნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გეგა ვერულიძე, რომელიც "ეფესბეს" თანამშრომელი იყო, საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მალევე სუს-ში დეპარტამენტი სპეციალურად მისთვის შემქნეს და უფროსად დანიშნეს.
მეორე ძმა, კოკი ვერულიძეც სუს-ში მუშაობს. რა თანამდებობაზე, უცნობია. ამის გასარკვევად ოფიციალური წერილი უწყებაში გავაგზავნეთ ,თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ვცადეთ მათთან გაგვერკვია რას საქმიანობენ უსაფრთხოების სამსახურში და რა კავშირი აქვთ რუსულ სპეცსამსახურებთან. ვურეკავდით - მაგრამ არც ერთხელ გვიპასუხეს.
მივწერეთ სოციალურ ქსელებში, მაგრამ პასუხის ნაცვლად საკთარი გვერდები გააუქმეს. თუმცა სანამ დაგვბლოკავდნენ, მანამდე ვნახეთ, რომ რუსულნომრებიანი ავტომობილით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში ხშირად დგას, კოკი ვერულიძე ოკუპოირებულ ტერიტორიაზეც ყოფილა. გეგა ვერულიძე კი, რომელიც ძალიან ბევრს ჯერ კიდევ რუსეთში ჰგონია, ბათუმის სხვადასხვა კაფე-ბარებში ერთობა.
ძმები რამდენიმე დღე ვეძებეთ ბათუმში, კარგად დაიმალნენ. სავარაუდოდ, სამსახურშიც არ მისულან. მივედით ქობულეთში მდებარე იმ სახლში, რომელიც მათი ოფიციალური მისამართია - მხოლოდ მუშები დაგვხვდენენ.
ძალოვან უწყებაში ვერულიძეებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. მარტივად შეუძლიათ ნახონ ყველაფერი, რაც დააინტერესებთ მათ ან სხვებს, პუტინის ქვეყანაში. არსებობს დიდი საფრთხე, თუმცა ხელისუფლებაში ეს როგორც ჩანს დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ. ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულისა და საქმიანობის შესახებ. სუს-ში მუშაობის დაწყება სპეციალური შემოწმების გარეშე არ ხდება, ასე რომ..
ვინ მფარველობს ძმებს და როგორ მოხვდნენ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენი წყაროს ცნობით, მათ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირი მფარველობს.