დანაშაულებრივი სქემა აჭარაში - როგორ იღებენ ქრთამს ქართველი სამართალდამცველები თურქი ძებნილების გასაპარებლად

გამოქვეყნდა:

ბარბაროს ალემდარი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში თავშესაფარს ეძებს. ჰყავს ქართველი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ჰქონდა ბიზნესი ბათუმში, თუმცა 6 თვეა ქუთაისის ციხის პატიმარია. ამბობს, რომ გისოსებს მიღმა განზრახ გამოკეტეს, რადგან აჭარის პოლიციის ზოგიერთი თანამშრომლის შავი საქმეების შესახებ იცის. იცის როგორ იღებენ ქართველი სამართალდამცავები ქრთამს და როგორ აპარებენ ქვეყნის ტერიტორიაზე ხშირად თურქეთის ხელისუფლების ძებნილებს. 

ბარბაროს ალემდარის თქმით, პოლიციას ჰყავს ინფორმატორიც, ბათუმში მცხოვრები თურქი რომელსაც ის ბოლო 2 წლის განმავლობაში მეგობრად თვლიდა. ალემდარი ამტკიცებს, რომ ერჯან ილმაზი აჭარის პოლიციის გენერალური ინპექციის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად, ბევრ უკანონო გარიგებაში მონაწილეობს. 

ერთ-ერთი საქმე, რომლის დეტალებიც პატიმარმა ალემდარმა იცის, თურქეთში ძებნილ დენიზ, იგივე ბინალე ჯამგოზს ეხება. ის იზმირში მოქმედი ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების წევრია, რომელსაც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის 100 მეტი წლით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.  თურქული მედია რამდენიმე თვის წინაც წერდა, რომ ძებნილი საქართველოში იმალებოდა, იყო ვერსია, რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, მაშინ როცა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 პირი აიყვანეს. თუმცა ახლა გაირკვა, რომ იზმირული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ახლაც თავისუფალია, ირკვევა ისიც, რომ საქართველოში ნამდვილად იმალებოდა, ქვეყანაში უკანონო გზით იყო შემოპარული და ბათუმში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, ამის შესახებ კი პოლიციამ იცოდა. 

ალემდარი ამბობს, რომ 25 ათასი დოლარი თურქი სამართალდამცავების ძებნილ ჯამგოზს ქართველი პოლიციელისთვის იმაში უნდა გადაეხადა, რომ მისი საზღვრის კვეთის ისტორია გაესუფთავებინა. სხვა დეტალების თქმა პატიმრისთვის განკუთვნილ 15-წუთიან სატალეფონო საუბარში ვერ მოასწრო, ინტერვიუ ჩვენთან მისმა მეუღლემ გააგრძელა. 

მაია ალემდარი ოჯახურ ბიზნესში ჩართული იყო და იმ რესტორნის მენეჯერად მუშაობდა, სადაც მისი თქმით, პოლიციის ინფორმატორი ერჯან ილმაზი ხშირად იმყოფებოდა. მაია ალემდარი ამბობს, რომ ილმაზის ბევრ მოლაპარაკებასაა შესწრებული. სწორედ ამ საუბრებიდან იცის, როგორ ახერხებენ ხშირ შემთხვევაში თურქეთის ტერიტორიიდან შემოპარული ადამიანები ბათუმში დარჩენას. ძებნილი ჯამგოზის მაგალითზე სქემა ასე მუშაობს - კონკტრეტული ადამიანი ქრთამს აძლევს მებაჟეს, რომელიც პასპორტში გასვლას აფიქსირებს, თუმცა ის ადამიანი საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიიდან ისევ უკან ბრუნდება ისევ უკანონო გზით. ზოგჯერ შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით სხვისი პასპორტით გასვლა სხვამ დააფიქრის. ასე მოხდა ბინალე ჯამგოზის შემთხვევაში. 

მაია ალემდარი ამბობს, რომ შემდეგ ერჯან ილმაზმა პოლიციასთან ერთად ამ საქმის მოგვარება დაიწყო და ძებნილ ჯამგოზს სოლიდური თანხა სთხოვა. მოლაპარაკება ისევ მათ რესტორანთან გაიმართა. 

ამ ისტორიას ალემდარებისთვის მძიმე გაგრძელება ჰქონდა. თურქი პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ პოლიციის ინფორმატორმა ძებნილი ჯამგოზი და მისი ჯგუფის წევრები დაარწმუნა, რომ ბინალე ალემდარი სამართალდამცავებთან მათ წინააღმდეგ თანამშრომლობდა. მაია ალემდარის თქმით, ამით ილმაზს სურდა, მისი ბრალეულობა მეგობრისთვის გადაებრალებინა. შედეგმაც არ დააყოვნა. პოლიციის ინფორმატორობაში დადანაშაულებულ ბარბაროს ალემდარს და მის მეუღლეს იზმირის კრიმინალური დაჯგუფების წევრები საკუთარი მეთოდებით გაუსწორდნენ. 31 იანვარს ჩაუსაფრდნენ და ცოლ-ქმარს 20 ტყვია ესროლეს. ისინი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. ქალს ტყვია ხელში მოხვდა.

თავდასხმიდან 4 დღეში დაუწვეს რესტორანიც. ორივე ფაქტზე ახლა თურქეთის 7 მოქალაქეა დაკავებული. დაზარალებულებს თავდაპირველად დაუნიშნეს დაცვაც, თუმცა მაია ალემდარის თქმით, უსაფრთხოების გარანტად არც ეს გამოდგა. მარტში მისი მეუღლე დააკავეს. ვარაუდობს, რომ პროვოკაცია მაშინაც ერჯან ილმაზმა მოაწყობინა. მიზეზი კი მისი მეუღლის მიერ იმ ინფორმაციის ფლობაა, რომელიც პოლიციის უკანონო საქმიანობას ეხება. 

ბარბაროს და მაია ალემდარების მოყოლილი ფაქტების გადამოწმება ჩვენ იმ ადამინთან ვცადეთ, ვისაც ისინი პოლიციის ინფორმატორობაში ადანაშაულებნ, თუმცა ერჯან ილმაზმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ყველაფერი, რაც ალემდარებმა ჩვენთან ინტერვიში თქვეს, უთხრეს პოლიციასაც. მათ შორის ისიც, რომ აჭარის პოლიციის გენერალურ ინსპექციაში არის თანამშრომელი, სახელად დათო, რომელიც უკანონო გარიგეგბებში შედის და სხვადასხვა საქმეში ქრთამს იღებს. თუმცა ჩვენების მიცემიდან 6 თვის შემდეგაც არ იციან, მოახდინეს თუ არა სამართალდამცავებმა მექრთამე პოლიციელის იდენტიფიცირება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი