
ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა დიდწილად მიაღწიეს მარტივ გამარჯვებებს ე.წ. სუპერ სამშაბათს. წინასწარი მონაცემებით, ბაიდენმა გაიმარჯვა დემოკრატიული პარტიის კანდიდატების პრაიმერიზში 14 შტატში - პლუს აიოვაში, სადაც ხალხი ხმას ფოსტით აძლევდა - მაგრამ ამერიკის სამოას ტერიტორიაზე 11 ხმით დამარცხდა. ამ ტერიტორიაზე გამარჯვება ბიზნესმენმა ჯეისონ პალმერმა მოიპოვა.
იმავდროულად, ტრამპმა მოიგო 14 შტატში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერიზში - რითიც კიდევ უფრო გაამყარა თავისი ძლიერი უპირატესობა ნიკი ჰეილისთან მიმართებით, თუმცა ჰეილიმ გამარჯვება მოიპოვა ვერმონტში.
"სუპერ სამშაბათს" ყველაზე მეტ - 15 შტატში და კიდევ ერთ ტერიოტორიაზე, ერთდროულად იმართება შიდაპარტიული არჩევნები საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად. დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი ალასკაში არ ტარდება. პრაიმერი ერთგვარი მინი არჩევნებია.
შიდაპარტიული არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ შტატის რამდენი დელეგატი დაუჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს საერთო ყრილობაზე, შესაბამისად, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს კანდიდატი კოკუსში ან პრაიმერში, მით უფრო მეტ "დელეგატს" მიიღებს.
ეს დელეგატები გაემგზავრებიან ეროვნული პარტიის ყრილობებზე ზაფხულში, სადაც დელეგატები დაუჭერენ მხარს მათ ფავორიტ კანდიდატებს და გამოვლინდება თითოეული პარტიის საბოლოო კანდიდატი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.