ვინ გახდება ჯანდაცვის ახალი მინისტრი - "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს.
ყიფიანი ამ დროისთვის რამდენიმე კერძო კლინიკაში მუშაობს, ორშაბათიდან კი საჯარო სექტორში გადაინაცვლებს. პრემიერი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის პორტფელს სწორედ მას გადააბარებს.
რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს, ჩვენი ინფორმაციით, მას თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი, დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 1 მარტს, კობახიძესთან საუბრის შემდეგ დატოვა. პრემიერმა მისი გადაყენების მიზეზად კომუნიკაციის კუთხით არსებული პრობლემები დაასახელა.
4 მარტს კი აზარაშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, საუბარი იყო დანაშაულებრივ სქემაზეც. მან თქვა, რომ საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტის შემოტანის სქემაში, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული.
1 მარტს გაათავისუფლეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძეც. ამ დროისთვის მის მოვალეობას ილია შამუგია ასრულებს.
ასევე ნახეთ: