
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა, აცხადებს, რომ დეტალები იცის ექსპრეზიდენტის სტრატეგიის შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით.
ორბანის თქმით, ტრამპი არ აპირებს უკრაინის მხარდაჭერას და ამით ომის დასრულებას.
"მას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს შემდეგს: ჯერ ერთი, უკრაინა-რუსეთის ომისთვის არც ერთ გროშს არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება - გასაგებია, რომ უკრაინა დამოუკიდებლად ვერ გადარჩება. და თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულს და იარაღს არ მისცემენ, მაშინ ომი დასრულდება. და თუ ამერიკელები ფულს არ მისცემენ, ევროპელები ამ ომს საკუთარი ძალებით ვერ დააფინანსებენ. და მერე დასრულდება", - თქვა ორბანმა უნგრულ გაზეთთან.
სავარაუდოდ ტრამპის თვალსაზრისზე დაყრდნობით ორბანმა დასძინა, რომ "თუ ევროპელებს ეშინიათ რუსების ან სურთ უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა, მაშინ დაე, თავად გადაიხადონ".
"ან ნება მიეცით შექმნან საკუთარი ჯარი და საკუთარი აღჭურვილობა, ან, თუ მათ სურთ ამისთვის გამოიყენონ ამერიკელები, დაე, გადაიხადონ ამერიკელებს უსაფრთხოებისთვის", - თქვა ორბანმა.
ტრამპი, ამბობს, რომ 24 საათში დაასრულებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა, ის ზუსტად არ განმარტავს, როგორ სურს ამის გაკეთება. იმავდროულად, ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში აგრძელებენ კანონის ბლოკირებას კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.
ორბანი რჩება ერთადერთ ევროპელ ლიდერად, რომელიც ურთიერთობას ინარჩუნებს პუტინთან.