ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება | საგარეოს განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს შეხვდა და ოფიციალურად გადასცა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის დელეგაციაში მყოფი ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წვერი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება  ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.

როგორც ელჩებს განემარტათ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი  გახმაურებულ საქმეებზე  და  სამწუხარო ფაქტია, რომ  პირი, რომელის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ  ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში  იღებს მონაწილეობას,  რაც ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.

შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წვერი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს. საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მჭიდროდ ითანამშრომლონ, როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საუბარია საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატში. ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია.  აღნიშნულის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი