მკვლელი პუტინი - ხანგოშვილის მკვლელობა გერმანიისა და რუსეთის უფრთიერთობის დაძაბვის მიზეზი ხდება

გამოქვეყნდა:

ნავალნი, სკრიპალები, სხვები და სხვები პუტინმა მოწამლა თუ არა, ხანგოშვილი მოკლა თუ არა, ანგელა მერკელს კი მოუწამლა სიბერე და 16-წლიანი კანცლერობის დაისი.

გერმანია ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანაა და როდესაც რუსეთს პასუხს სთხოვს, ამას ნამდვილად ევროპისა და ნატოს სახელით აკეთებს. პუტინი შეიძლება მეგობარია, მაგრამ არის ბევრი რამ, რასაც გერმანია არასდროს შესწირავს. და ვერასდროს დაუვიწყებს

"ხანგოშვილის საქმეზე გავაძევეთ ორი რუსი დიპლომატი, რადგან რუსეთი არ გვეხმარება მკვლელობის გამოძიებაში. რა თქმა უნდა, ვესაუბრე მოკავშირეებსაც" - ამ თემას ბერლინი მოსკოვს ყოველდღე თუ არ ახსენებს, არ ნიშავს, რომ დაუვიწყა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ხელმძღვანელობს ფედერალური პროკურატურა. ეს კი თავისთავად ნიშანია, რომ საუბარია დანაშაულზე გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ისევ პატარა დეტალი. თითქოს პატარა. ასეთი რეაქცია ჰქონდა პუტინს რამდენიმე თვის წინ, როდესაც ოდინდელმა მეგობარმა კანცლერმა პირდაპირ უთხრა, ბერლინის ცენტრში ქართველის მკვლელობა შენი შეკვეთილიაო.

აგვისტოს ბოლოს, ხანგოშვილის მკვლელობიდან ერთი წელი შესრულდა. პროკურატურას გამოძიება არ დაუსრულებია, სამაგიეროდ, საქმე თითქმის გახსნეს ჟურნალისტებმა. დოიჩე ველეს, ინსაიდერისა და ბელინგქეთის ერთობლივი კვლევისა ნებისმიერ სპეცსამსახურს შეშურდებოდა.

კრასიკოვი ბერლინის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პისტოლეტი რომ მდინარეში მოისროლა, მაშინ. ერთი წელია, კაცი დუმს, მაგრამ მასზე თითქმის ყველაფერი უკვე გარკვეულია. კერძოდ ის, რომ მოსკოვში მკვლელობისთვის 2014 წლიდან საერთაშორისო ძებნაში იყო, მაგრამ 2015-ში მისი სახელი და სხვა მონაცემები ყველა შიდა სისტემიდან გააქრეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტის ფოტო ინტერპოლის არქივისას შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ მოსკოვსა და ბერლინში ველოსიპედიან-პისტოლეტიანი მკვლელი ერთი და იგივე კაცია.

გერმანული გამოძიება კრასიკოვიდან ამ კაცზე გადავიდა, რომელსაც ბოლო პასპორტში რომან დავიდოვი უწერია. პროკურატურამ რა დაადგინა, ზუსტად უცნობია, ჟურნალისტები კი ფოტოს გაყვნენ და მიადგნენ რომან ნიკოლაევს, რომელმაც 2015 წელს ჩეხეთის ვიზა მიიღო. ყველა დეტალს აქ და ახლა ვერ მოგიყვებით, გარდა იმისა, რომ ეს კაცი საბოლოოდ ნამდვილად რომანი აღმოჩნდა, ოღონდ დემიანჩენკო. ფსბ-ს სპეცდანიშნულების სამმართველო ვიმპელის ყოფილი ოფიცერი. პუტინის ამაყი განცხადებით, ყოფილი ჩეკისტები არ არსებობენ და დემიანჩეკოც მუშაობდა ფსბ-ს ერთ ჩრდილოვან კომპანიაში სახელად ვიმპელ სოდეისტვიე. ეს ვიმპელი რომ სპეცრაზმ ვიმპელის ახლო ნათესავია, სადამფუძნებლო დოკუმენტებითაც ჩანს - მას სპეცრაზმის ვეტერანთა ასოციაციის თავმჯდომარე, პოდპოლკოვნიკი ბენდერსკი ხელმძღვანელობს

სპეცსამმართველო და სპეცრაზმი ვიმპელი კგბ-ს თავმჯდომარის, იური ადროპოვის ინიციატივით შეიქმნა. ალფასთან ერთად მონაწილეობდა ავღანეთის პრეზიდენტ ამინის ლიკვიდაციასა და ყველა სხვა ბინძურ საქმეში, რაც კი საბჭოთა კავშირსა და რუსეთს უკეთებიათ. ცნობილია, რომ ვიმპელი ასრულებდა დავალებებს კუბიდან ვიეტნამამდე, ყარაბაღიდან აფხაზეთამდე და ჩეჩნეთამდე.

სპეცრაზმ ალფასგან განსხვავებით, ვიმპელის ოფიცრებს არა მხოლოდ ჯგუფური, არამედ ინდივიდუალური მუშაობისთვისაც წვრთნიან. ყველა მათგანს უნდა შეეძლოს მტრის ზურგში ან უცხო ქვეყანაში ინფორმაციის შეკრებაც, რაზმების შედგენაცა და ტერაქტების მოწყობაც. ასე მომზადებულმა დემიანჩენკომ ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე იმოგზაურა შენგენის ზონაში. საფიქრებელია, რომ მსხვერპლის მარშრუტი და განრიგი მან შეისწავლა, ოპერაციის გეგმა შეადგინა და კრასიკოვს ყველაფერი სასროლად გამზადებული დაახვედრა

ამ ვერსიას პუტინი და მისიანები კიდევ ბევრჯერ გაიმეორებენ. ზელიმხან ხანგოშვილს არასდროს დაუმალავს, რომ იჩქერიის სახელით იბრძოდა. და ისიც ყოველთვის იცოდა, რომ მიზანში ჰყავდათ ამოღებული.

2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილი თბილისში ქილერის 8 ტყვიას რომ სასწაულად გადაურჩა, ნელ-ნელა, ალბათ, აზრი შეიცვალა. ამიტომაც მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დემიანჩენკო, ოღონდ ნიკოლაევის სახელით, ფსბ-ს სპეცრაზმსა და ვაგნერის ვითომ კერძო არმიას ხშირი სტუმრობს სირიაშიც. მოიპოვეს მისი ტელეფონის  ე.წ მეტადატა და მოსკოვის ქუჩის კამერებით გაარკვიეს მისი საცხოვრებელი უბანი. გაარკვიეს მისი კავშირი ფსბ-ს მკვლელთა შვიდკაციან ჯგუფთანაც, რომელიც უცხოეთში ტერაქტებისთვის პერიოდულად იყენებენ. მათგან ერთი, ანდრეი საზონცევი, ბერლინის მკვლელობის შემდეგ გამუდმებით რეკავს მკვლელის, კრასიკოვის რუსულ მობილურზე და, სავარაუდოდ, მის მეუღლეს ინსტრუქციებს  აწვდის

თანამედროვე ბიზნესის ენაზე ამბავი ასეა - რუსეთის ხელმძღვანელობა ავალებს სპეცსამსახურებს კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციას, ისინი კი აუთსორსინგით სარგებლობენ. ვითომ კომერციული ორგანიზაციებით, მათი ვითომ პენსიონერი თანამშრომლებით. ასე უნდა აიბნეს კვალი, რომელიც ყოველთვის პუტინამდე მიდის

ხანგოშვილის საქმეში როგორც რუსული სპეცსამსახურები, ისე მათი მომსახურე პროპაგანდა სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. ჭკვიანი კაცი კასპიისკს მაინც არ ახსენებდა, რომელიც ყველამ იცის, რომ ფსბ-ს აფეთქებულია. ასეთ სისულელეს რომ გეტყვიან, კლასიკური ქართველი, თუნდაც გერმანელი ქოცი იყო, დანარჩენს ვეღარაფერს დაიჯერებ

რუსები როგორ აბამენ ქოთანს ყურს, ერთი მხარეა. ქართველი პარლამენტარი საერთოდ არ ახსენებს ხანგოშვილს და მხოლოდ ჩატაევის ისტორიის საკუთარი პარტიული ვერსია აინტერესებს. ამბავი დუღს და გადმოდუღს. მსოფლიოს ლიდერები, უდიდესი ქვეყნები და ბლოკები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთადერთი ქვეყანა კი, რომელიც ბერლინის მკვლელობაზე ხმას არ იღებს, საქართველოა. სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის წინაშე ყველაზე მეტი ვალდებულება ჰქონდა - დაეცვა, სანამ აქ ცხოვრობდა. თუ ვერ დაიცვა, გამოეძიებინა საქმე და დაეჭირა ქილერი, როდესაც  მკვლელობა თბილისში სცადეს. თუ ვერ გამოიძია და ვერც დაიჭირა, ამბავი მაინც მოეკითხა, როდესაც გაიგო, რომ მისი მიწის შვილს პუტინის ტყვია ევროპის შუაგულში მისწვდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი