ტრამპი თუ ბაიდენი - ამერიკის არჩევნები და საქართველო

გამოქვეყნდა:

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული ყრილობა დონალდ ტრამპმა პომპეზურად დაასრულა. ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის ყველაზე გრძელი სიტყვა იყო. ის 70 წუთს გაგრძელდა. ამერიკელების გარდა, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის ტექსტი იმ პატარა ერებისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომელთაც დღემდე რუსეთის კლანჭებიდან თავის დაღწევა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და "ნატოს" წევრობა უნდათ. ასეთ ქვეყნებს დემოკრატიულ და ეროვნულ ყრილობებზე იშვიათად ახსენებენ. გამონაკლისი საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ჯონ მაკკეინი იყო.

2008 წელს, მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო, სენატორმა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე წარდგენის სიტყვაში ამერიკელებს უთხრა: "დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ". ასეთ გულისამაჩუყებელ სიტყვებს 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატებისგან არ ველოდით. მაგრამ, რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადება, ირიბადაც და პირდაპირაც საქართველოს თანადგომას ნიშნავს. ამერიკის პრეზიდენტს გულისყურით მოვუსინე. რუსეთის ხსენებას ველოდებოდი. 16-გვერდიანი ტექსტში, მან რუსეთი არცერთხელ, ჩინეთი კი ზუსტად 16-ჯერ ახსენა.

იმის გასარკვევად, რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ რას ამბობს ან რას არ ამბობს ტრამპი კოლუმბიის უნივერსიტეტის მშვიდობის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორს, დეივიდ ფილიპსს ვესაუბრეთ. ნიუ იორკელი ექსპერტი ამბობს, რომ ტრამპი ახლა მხოლოდ იმაზეა ფოკუსირებული, რომ ის მეორე ვადით აირჩიონ.

ამერიკა გააგრძელებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთში ახლა ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს. ის თუ რას ამბობს ან არ ამბობს ტრამპი, სულაც არ ემთხვევა იმას, თუ როგორ იქცევა ამერიკის მთავრობა.

დემოკრატიული და რესპუბლიკური ეროვნული ყრილობები პოლიტიკურ თეატრს ჰგავს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი, ტრამპისაგან განსხვავებით, ამერიკელი ამომრჩევლის წინაშე ბევრად მოკრძალებულად და სადად წარსდგა. ქარიშხალი ლორა, რომელმაც ლუიზიანას შტატს გადაუარა, აფროამერიკელების პროტესტები, რომელიც ამერიკის წამყვან ქალაქებს მოედო, კორონავირუსი და კლიმატური ცვლილებები. ეს იყო პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლის 4 მთავარი მესიჯი.

მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით ვეტერანმა პოლიტიკოსმა ტრამპი და მისი რუსეთთან ურთიერთობა მწვავედ გააკრიტიკა.

ზოგადად "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" საგარეო კურსის სტილი არ იცვლება. აქ საქმე ტრამპის პერსონაშია. ამერიკას ნებისმიერი სხვა რესპუბლიკელი პრეზიდენტი რომ აერჩია, ის სულ სხვაგვარ პოლიტიკას აწარმოებდა რუსეთთან მიმართებით. 

ტრამპმა არ დაუჯერა სადაზვერვო სამსახურებს, რომლებიც შტატების 2016 წლის არჩვნებში რუსეთის ჩარევის უტყუარ ინფორმაციას ფლობდნენ. სანაცვლოდ, ჰელსინკის სამიტზე შეხვედრისას,ის პუტინს სიტყვაზე ენდო. არსებობდა ის ეჭვიც, რომ პუტინს ტრამპზე სერიოზული კომპრომატები ჰქონდა. მართალია,კონგრესმა 2020 წელს ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ტრამპს დემოკრატიული პარტია და ლიბერალური მედია რუსეთის პრეზიდენტთან თბილი ურთიერთობის გამო მუდმივად თავს ესხმოდა.არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთი უკვე 2020 წლის არჩევნებშიც ერევა. მათი მიზანი ბაიდენის დისკრედიტაციაა.პუტინის ფავორიტი მაშინაც და ახლაც ტრამპია

„ორგანიზებული შეშლილობა“, ასე დაინახა საბჭოთა კავშირი იქ ცხოვრებისას „ფაინენშალ თაიმსის“ კორესპოდენტმა, დეივიდ სატერმა. ქვეყანა, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. მან ამ მახინჯ სისტემაზე ჯერ წიგნი და მოგვიანებით დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. დელირიუმის, ანუ ფსიქიკურ აშლილობას და ჰალუცინაციების საუკუნეს შეადარა მან ის დრო და გასაკვირიც არ არის რომ ის ახლა რუსეთში პერსონა ნონ გრატაა.

განსხვავებული იყო ობამას პრეზიდენტობის ბოლო 2 წელიწადი, როცა ობამაც და ბაიდენიც გაცილებით კრიტიკულები გახდნენ რუსეთის მიმართ. 77 წლის ბაიდენი 47 წელია პოლიტიკაშია. თითქმის ნახევარსაუკოვანი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ბაიდენმა გავლენიანი დიპლომატისა და პოლიტიკოსის რეპუტაცია მოიპოვა მთელს მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოების დიდი მხარდამჭერი გახდა და ყოველთვის ღიად გულშემატკივრობდა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას.

ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტის პილიტიკური და სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორ - რიჩარდ ვაიტსის აზრით, დღესდღეობით დემოკრატები უფრო დიდი ენთუზიაზმით არიან განმსჭვალული როდესაც საქმე ნატოს გაფართოვებას ეხება.

პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. 3 ნოემბრამდე სულ ცოტა დრო რჩება. ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი? ტრამპი, ქარიზმატული ლიდერი, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკური ცენზურა და რომელიც ღიად უპირისპირდება ლიბერალურ მედიას, თუ ვეტერანი პოლიტიკოსი, და დახვეწილი დიპლომატი ჯო ბაიდენი? როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებენ ისინი? ვისი იმედი უნდა გვქონდეს უფრო მეტად? ამ კითხვაზე პასუხი ერთია. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთისგან განსხვავებით ერთპიროვნული ლიდერი არ ჰყავს. იქ უზენაესი კონსტიტუციაა. პრეზიდენტის უკან დგას უძლიერესი ინსტიტუტები, სენატი და კონგრესი. როდესაც აგრესორი ქვეყნები პატარა ერებს უტევენ, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ერთიანდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი