თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

გამოქვეყნდა:

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იქნება. არჩევნები გუშინ, 12 მარტს გაიმართა. ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.

"რეგისტრირებულმა კანდიდატმა - გიორგი ვაჩნაძემ აკადემიური საბჭოს წინაშე წარადგინა კონსერვატორიის განვითარების გეგმა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც მისი კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე", - ნათქვამია კონსერვატორიის განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1990 წელს სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში (Mannes College of Music). 1994 წელს დაამთავრა ინდიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

2002-2005 წლებში იყო ინდიანის უნივერსიტეტის ლექტორი, 2004-2011 წლებში - მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ამჟამად გიორგი ვაჩნაძე არის ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ცნონილი გახდა, რომ მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო აღნიშნულს მიესალმა და თქვა, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. მანამდე, 20 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს წულუკიანმა თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" .

მინისტრის დადგენილების გაუქმებაზე კონსერვატორიამ სასამართლოს მიმართა, თუმცა კონსერვატორიის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი