კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი. მისი თქმით, ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ის აუცილებლად შეიცვლება. კონკრეტულად რას გულისხმობდა მინისტრი და რა ხარვეზები აქვს ხელმძღვანელობას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, მას არ უთქვამს.
"კონსერვატორიაში რეფორმაა ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენ სტუდენტებს, რასაც ის სამწუხაროდ ვერ ახერხებს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო, იბოძო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს იქ ზოგიერთი საქმიანობას და ეგონოს, რომ მინისტრის არაფერი არასდროს არ ეკითხება ვციტირებ", - თქვა წულუკიანმა.
წულუკიანმა თქვა, რომ მიუხედავად ამისა, კონსერვატორია ქვეყნისაა და არა რომელიმე "დაჯგუფების". მისივე თქმით, კონტრაქტი გაფორმდა და 78 Steinway&Sons-ის ფირმის როიალი შევა კონსერვატორიაში 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით.