რუსეთის კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის სასამართლომ "კრიმინალური ავტორიტეტი" შაქრო კალაშოვი, იგივე "შაქრო მოლოდოი" პირობითთ ვადაზე ადრე გაათავისუფლა.
მედიის ცნობით, 70 წლის კალაშოვის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იქნა მიღებული.
"შაქრო მოლოდოი" 2006 წლის მაისში დუბაიში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სადაც ის დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებაში და შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს. მოგვიანებით კი სასჯელი ცხრა წლიანი პატიმრობით შეიცვალა.
განაჩენის გამოტანისთანავე ესპანეთის ხელისუფლებამ კალაშოვის ექსტრადიციის ორი მოთხოვნა მიიღო - რუსეთიდან, რომელიც აცხადებდა, რომ კალაშოვი რუსეთის მოქალაქე იყო და სასჯელი რუსეთში უნდა მოეხდინა, ხოლო მეორე მოთხოვნა საქართველოდან - სადაც "ავტორიტეტს" დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოძალვისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზებისთვის.
2011 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ ქართული მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ კალაშოვმა გადაწყვეტილება ესპანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც მისი რუსეთში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
კალაშოვი 2014 წლის 29 ოქტომბერს რუსეთში დაბრუნდა. ის შსს-ში მხოლოდ ფორმალურად გამოკითხეს და გაათავისუფლეს.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბოლოს 2016 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა მოსკოვის რესტორან Elements-ის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვა. კრიმინალურ გარჩევას სროლაც მოჰყვა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.
2018 წელს მოსკოვის ნიკულინსკის რაიონულმა სასამართლომ კალაშოვი გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ვადა 2026 წელს იწურებოდა.