ბაჩალიაშვილის ზურგჩანთაში აღმოჩენილი მედიკამენტები ვადაგასულია - მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ზურგჩანთაში აღმოჩენილი მედიკამენტები ვადაგასულია. 

როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა, გამოძიებას ამ ფაქტზე ყურადღება უნდა გაემახვილებინა და დაეყო მოკვლევა, "საიდან აღმოჩნდა ბაჩალიაშვილის სახლსა და ზურგჩანთაში ვადაგასული პრეპარატები".

მიშა რამიშვილი ამბობს, რომ 2016 და 2017 წლის წამლების შეძენა აფთიაქებში შეუძლებელია: "ვადაგასული მედიკამენტები აფთიაქში არ იყიდება". 

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ 4 სექტემბერს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც, მათი მტკიცებით, ასახულია როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი მედიკამენტებს თბილისის სხვადასხვა აფთიაქში 17 ივლისს. 

პროკურატურამ გაავრცელა განცხადებაც, სადაც უწყებამ ექსპერტიზის საბოლოო შედეგები გაასაჯაროვა. ექსპერტიზის შედეგად, ბაჩალიაშვილის სხეულში დიდი ოდენობით პრეპარატების კვალი აღმოჩნდა. პროკურორის ინფორმაციით, მიღებული წამლების ოდენობა ბევრად აღემატება დაშვებულ ოდენობას.

საგამოძოებო ორგანოს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს,  „გუგლის“ საძიებო სისტემაში ეძებდა ინფორმაციებს - „საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.

ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

პროკურატურის განცხადება სრულად

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი