არ ვიცი პრორუსი იყო თუ რა იყო... მინისტრმა ვერ დაინახა საჭიროება, შრომითი ურთიერთობა გაეგრძელებინა | კობახიძე ხიდაშელზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთში მცხოვრებ, სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვთან დაახლოებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად თითქმის 4 წელი მუშაობდა, წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციებზე. 

კობახიძე ამბობს, რომ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, რადგან ევტუშენკოვი ამერიკის პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირია. 

"ძალიან მკაფიოდ ეწერა თავდაცვის სამინისტროს მიერ გასავრცელებელ ტექსტში, რაც მე ნანახი მაქვს, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით, იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. მე არ ვიცი, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვსთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი, არ მგონია აქ სპეკულირების საფუძველი იყოს. [სანქცირებული ოლიგარქი] ხო, ევტუშენკოვი არის პირდაპირ დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის ბაიდენის ოჯახთან, შესაბამისად, აქ სპეკულაციები მე მგონი ზედმეტია. მე არ ვიცი პრორუსი იყო თუ რა იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ადამიანი დაკავშირებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებული კაცი. თავდაცვის მინისტრმა ვერ დაინახა საჭიროება, რომ მას გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა სამინისტროსთან", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსული საინვესტიციო კომპანია АФК "Система" და მისი პორტფელის რამდენიმე კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. "სისტემას" მეწილეა ვლადიმირ ევტუშენკოვი.

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის ოლიგარქებთან დაახლოებული ბიზნესმენი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. "მთავარი არხის" გასაჯაროებული ინფორმაცია დაადასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავად ხიდაშელმაც და მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც თქვა, რომ პოსტზე ის 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე იყო.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ "მთავართან" საუბარში განმარტა, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ხიდაშელი  გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უწევდა ხელისუფლებას კონსულტაციებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი