"დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო...ხელისუფლება არ დაუშვებს არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში" | ღარიბაშვილის პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და ამტკიცებს, რომ დღეს ქართული სასამართლო გამართულად მუშაობს.

ის ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არავის "ჩარევას" ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში.

"დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი ყოველგვარი უცხოური ჩარევებისგან. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო. ამას არ ვამბობ შემთხვევით. ქართული სასამართლო - ეს არის ქართული ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს. [მოსამართლეების] აბსოლუტური უმრავლესობა არიან საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მე როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებასა და ქართულ სასამართლო სისტემაში. ეს არის დაუშვებელი...

საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არამარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველ ადგილზე არის კანონის უზენაესობის მიხედვით... ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მეგობრებო, და გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ და ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოვიწვიოთ უცხოელი მოქალაქეები. ჯერ ერთი, ვინ დასვა, ვინ შეამოწმა მათი კეთილსინდისიერება. საერთოდ თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ, დამოუკიდებელს ერს, ამხელა ისტორიის ერს, რომ გარედან არ მოვიწვიოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?!", - ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, ე.წ. ვეტინგის სისტემას "ოცნების" ხელისუფლება და მასთან დაახლოებული სასამართლო კლანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ პოზიციას დაახლოებით 10-მდე მოსამართლე არ იზიარებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი