"4 წელი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე... ისე მუშაობდა, საერთოდ კითხვა არ დასმულა" | ღარიბაშვილი ხიდაშელზე

გამოქვეყნდა:

"4 წელი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე... ისე მუშაობდა, საერთოდ კითხვა არ დასმულა", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერი, ამჟამად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს და კრემლის მეგობრის, დავით ხიდაშელის სკანდალს ორკვირიანი დუმილის შემდეგ ეხმაურება. 

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ხიდაშელი მრჩევლის თანამდებობაზე სიმბოლურად იყო გაფორმებული. გარდა ამისა, როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, ხიდაშელმა მნიშვნელოვანი რუკები ჩამოიტანა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. 

თუმცა, რა დოკუმენტებზე ჰქონდა წვდომა კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს საქართველოს თავდაცვის უწყებაში, კვლავ უცნობია. 

"დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია, მას მადლობა გადავუხადეთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, 4 წელი იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ზოგადად, რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დემილიტარიზაციის საკითხებში, რა ინფორმაციაზე მელაპარაკებით, თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე და ხალხს ატყუებთ, ეს არის აბსურდი, არაფრის მომცემი. გაასაჯაროებენ. 4 წელი ისე მუშაობდა, რომ საერთოდ კითხვა არ დასმულა, ახლა არ ვიცი საერთოდ რატომ აწიეთ ეს თემა" - ამბობს ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის ოლიგარქებთან დაახლოებული ბიზნესმენი თავდაცვის სამინისტროში 4 წელი მრჩევლად მუშაობდა. "მთავარი არხის" გასაჯაროებული ინფორმაცია დაადასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავად ხიდაშელმაც და მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც თქვა, რომ პოსტზე ის 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე იყო.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ "მთავართან" საუბარში განმარტა, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ხიდაშელი  გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უწევდა ხელისუფლებას კონსულტაციებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი