მოსამართლეთა კეთილსინდისიერება | ე.წ. ვეტინგის სისტემა და შეკითხვები მართლმსაჯულების სისტემის მიმართ

გამოქვეყნდა:

საიდან მოდის მოსამართლეების მრავალმილიონიანი ქონება? რატომ იმართება მართლმსაჯულების სისტემა კლანური პრინციპით? არის თუ არა სასამართლო ხელისუფლება თავისუფალი და დამოუკიდებელი პოლიტიკური დაკვეთებისგან? ეს არის მთავარი კრიტიკული კითხვები, რაც წლებია მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არსებობს.

წლიდან წლამდე სულ უფრო სუსტდება საქართველოს მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ, და ამ შემცირებული ნდობის უკუპროპორციულად იზრდება ამ მოსამართლეების ქონება. დღეს მოსამართლეთა 32-ე კონფერენციაზე შეკრებილმა თემიდას მსახურთა უმრავლესობამ მათი კეთილსინდისიერების შემოწმების იდეა კატეგორიულად დაგმო. არადა, იგივე მოსამართლეთა მცირე ნაწილი პირიქით, მიიჩნევს რომ საჭირო და დროულია ამგვარი ტესტის ჩატარება.

აქ საუბარი არ არის უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალისტების მიერ მოსამართლეების შემოწმებაზე, რაზეც "ქართული ოცნების" პროპაგანდა აპელირებს, თითქოს ეს ჩვენს სუვერენიტეტში ჩარევა იყოს. მეტიც, გაგახსენებთ, რომ წლების წინ თავად "ქართულმა ოცნებამ" ჩამოიყვანა უცხოელი პროკურორები და კონრკეტული სისხლის სამართლის საქმეები ჩააბარა.

მეტიც, მაგალითად დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ არავის აქვს 20-30 წლის გამოცდილების მოსამართლის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის უფლება. მაგრამ, იქვე ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ წინადადებას ამატებს, რომ ეს მოსამართლეები 2012 წლის შემდეგ გახდნენ თავისუფალებიო. დაუკვირდით, რას ამბობს ღარიბაშივილი - ანუ ეს მოსამართლეები მთელი ათეული წელი პოლიტიკური შეკვეთის შესრულებით იყვენენ დაკავებული, და ბოლო 10 წელია, რაც "ოცნებაა" ხელისუფლებაში, ამგვარ შეკვეთას აღარ ასრულებენო, და თან იგივე ხალხის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმთან შეკითხვები არ მაქვს.

და ეს იმის მიუხედავად, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ახლა იუსტიციის საბჭოს წევრი და მოსამართლეთა კლანის ლიდერია. ხელისუფლება ვერც მოსამართლეების თავბრუდამხვევი გამდიდრების ფაქტებს ხედავს და ვერც იმას, რომ სასამართლო ხელისუფლების 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებს სწორედ კორუფციის გამო ყავს დასანქცირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი