
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მალიუკს რუსეთის "ტერორისტული თავდასხმის" მუხლით "ასამართლებს". საუბარია 2022 წელს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების საქმეზე.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბასმანის სასამართლომ ასევე დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა საქართველოს მოქალაქეს, ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე "აფეთქების ჩადენის ბრალდებით".
შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი და ჩაინგრა ხიდის ნაწილი.
მოსკოვმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ოდესიდან ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით გადაიტანეს. რუსული FSB-ს მტკიცებით, ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებაში საქართველოს ორი მოქალაქე მონაწილეობდა.
პასუხად საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ საქართველოს ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
2023 წლის ზაფხულში კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდის დაბომბვა, სწორედ მათი სპეცოპერაცია იყო.