“პატრიოტთა ალიანსმა" ხატი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან უკან დაუბრუნეს, ბაგრატის ტაძარში დააბრძანა.
ხატის ტაძარში დაბძანება ზარების რეკვის ფონზე მოხდა. ადგილზე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ „პატრიოტთა ალიანსს“ ილორის ტაძრისთვის შეწირული ხატი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ 5 სექტემბერს უკან დაუბრუნა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხატი დაბეჭდილია და არანაირი ღირებულება არ აქვს: "უწმინდური, ხელნაწერი, დაბეჭდილი ხატია. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ რა ხატია, რადგან ქართული წარწერები აქვს"- ამბობს აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაცია Aruaa- ს ლიდერი თემურ გულია.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები 18 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნდნენ. ირმა ინაშვილისა და თარხან მოურავის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
"პატრიოტები" ოკუპირებულ აფხაზეთში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდნენ. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლის დროს ისინი საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირეს.
მოგვიანებით, მათი ვიზიტი აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაციამ „არუაა“ დაადასტურა. დღეს კი "პატრიოტთა ალიანსი" უკვე ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება.
პარტიის წინააღმდეგ არსებობს არაერთი ბრალდება, რომ პარტია ოკუპანტი ქვეყნიდან ფინანსდება და ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარებელია. მაგალითად ცენტრ „დოსიეს“ გამოძიება, რითიც იკვეთება, რომ პატრიოტები 8 მილიონ დოლარზე მეტით წინასაარჩევნოდ კრემლიდან ფინანსდებიან.
29 აგვისტოს კი "პატრიოტთა ალიანსმა" ბათუმში გამოაქვეყნა ბანერი, სადაც პარტიამ აჭარა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად წითლად გააფერადა.
პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი პარტიის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ.