"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში მის გასაიდუმლოებულ ვიზიტს შედეგიანად აფასებს. ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლამ რომ ეფექტური შედეგი გამოიღო, ამაზე აფხაზეთის ე.წ პროსახელისუფლებო მედიაც წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანიასა და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს შორის შეთანხმება შედგა და პარტია მზადაა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. შეთანხმების შესახებ სოხუმში ე.წ პარლამენტის დახურულ სხდომაზე გაჟღერდა, რომელსაც ასლან ბჟანიაც ესწრებოდა.
"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის სასარგებლოდ ქმედებას უარყოფს, თუმცა პარტიის წინააღმდეგ არსებობს არაერთი ბრალდება, რომ პარტია ოკუპანტი ქვეყნიდან ფინანსდება და ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარებელია. მაგალითად ცენტრ „დოსიეს“ გამოძიება, რითიც იკვეთება, რომ პატრიოტები 8 მილიონ დოლარზე მეტით წინასაარჩევნოდ კრემლიდან ფინანსდებიან.
ის, რომ საქართველოში გარკვეული ძალები ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებენ, არ გამორჩენია ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსაც. კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე Twitter-ში წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დეზინფორმაციის მომძლავრებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ ანტითურქული განწყობების გაღვივებით რუსეთი მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გადაფარვას ცდილობს. ადამ კინზინგერის გაღიზიანება დიდი ალბათობით სწორედ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ბათუმში გამოქვეყნებულ საარჩევნო ბანერს მოჰყვა, სადაც პარტიამ აჭარა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად წითლად გააფერადა.
გადამწყვეტი არჩევნების დროს რუსეთიც რომ არჩევნებში ჩარევას მნნიშვნელოვნად შეეცდება, ამაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც მიანიშნებენ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლობა მმართველი გუნდისგან მოელის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი ხმის მიცემას მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში შეძლებს.
როგორ აპირებს "პატრიოტთა ალიანსი" მისი ფარული გეგმის განხორციელებას, ჯერჯერობით უცნობია. ყველაფერი ალბათ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადაწყდება, როდესაც მათ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში სხვა პარტიასთან თანამშრომლობა მოუწევს. ოპონენტების აზრით, ამ დროისთვის პატრიოტებისთვის სასურველი და იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მყოფი პარტია - "ქართული ოცნებაა", რომლის მხარდაჭერის გარეშეც, "პატროტთა ალიანსი" უმოქმედო იქნებოდა.