გავრცელდა ჩანაწერი კორუფციის საქმეზე | უნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

უნგრეთში პრემიერმინისტრ ორბანის გადადგომას ითხოვენ.  მთავრობის ყოფილმა წევრმა, პიტერ მაგიარმა რომელიც ახლა ხელისუფლების კრიტიკოსია, სამშაბათს გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეთქმულებას აწყობდნენ კორუფციის დასაფარად. ამის შემდეგ ათასობით ადამიანი გავიდა ბუდაპეშტის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე.

ქვეყანაში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტი თებერვლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც სასჯელს იხდიდა ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის. ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეები, მათ შორის პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ჯუდიტ ვარგა, იძულებულნი გახდნენ თანამდებობები დაეტოვებინათ. 

პიტერ მაგიარმა, რომელიც ვარგას ყოფილი ქმარია, გაავრცელა ჩანაწერი Facebook-სა და YouTube-ზე, რომელშიც, ვარგა აღწერს, თუ როგორ ცდილობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცებულებების ამოღებას სასამართლოს ჩანაწერებიდან, რომ დაეფარათ თავიანთი როლი კორუფციულ ბიზნეს გარიგებებში. 

"მათ შესთავაზეს პროკურორებს, რა უნდა წაშლილიყო" - ამბობ ვარგა ჩანაწერში.

ჩანაწერის მიხედვით, ორბანის ახლო მოკავშირე, ანტალ როგანი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც მთავრობის კომუნიკაციებზე, ასევე ქვეყნის საიდუმლო სამსახურებზე, ხელმძღვანელობდა მტკიცებულებების შეცვლას.

მაგიარმა ჩანაწერი სამშაბათს პროკურატურას გადასცა, რათა მტკიცებულებად გამოეყენებინათ. 

სამშაბათსვე "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და დაადანაშაულა მაგიარი ოჯახურ ძალადობაში მათი ქორწინების დროს და განაცხადა, რომ მან ეს განცხადებები იძულებით გააკეთა, მაგრამ არ უარყო, რომ ჩანაწერში ნამდვილად ის ფიგურირებს.

"მე ვთქვი ის, რისი მოსმენაც მას სურდა, რათა რაც შეიძლება მალე გავქცეულიყავი. მსგავს სიტუაციაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას ის, რასაც არ გულისხმობს დაშინების მდგომარეობაში", - წერს ვარგა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი