"ვეტინგი არ იქნება...რამე პრობლემა არის სასამართლო სისტემაში?" | თადუმაძე

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ხელისუფლების შტოებს შორის - მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი უფლებადამცველი, შალვა თადუმაძე, ღიად ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, მურუსიძე-ჩინჩალაძე-შენგელია და ცერცვაძე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არ დასანქცირდებოდნენ.

გავლენიანი მოსამართლეების აჯანყების შესახებ ცნობილი პირველად "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერით გახდა, რომელიც უზენაესი პლენუმის სხდომაზე შემდგარ საუბარს ასახავს.

"რამე პრობლემას წარმოადგენს სასამართლო ამ ქვეყანაში? თუ ვინმეს გვჯერა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციამ 4 კორუმპირებულის მეტი ამ ქვეყანაში ვერ ნახა? ამის გვჯერა ვინმეს? იქ, სადაც ხელისუფლება მუშაობს, იქ შედეგებს დებს. როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცოდა დეპარტამენტი რაზე მუშაობდა, იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების შტო არ იყო და სასამართლო ხელისუფლების შტო იყო, არ იყო ისეთი ძალისხმევა, თორემ ალბათ ვიცით, ხომ უფრო კორუმპირებული ადამიანები?," - ამბობს თადუმაძე.

"მთავარ არხთან" საუბრისას კი ის კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას და ეწინააღმდეგება ე.წ. ვეტინგის სისტემას, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს.

"მე არ წავალ. იმიტომ, რომ ვეტინგი არ იქნება. ვეტინგს ითხოვს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ პოლიტიკური პარტიების დამფუძნებლები და დამფინანსებლები, დღეის მდგომარეობით, ან ძებნილები არიან, ან განსასჯელები არიან, ან ბრალდებულები არიან მძიმე დანაშაულებებში. და საქართველოს რეალობაში ვეტინგი გამოდის კრიმინალების ანგარიშსწორება სასამართლოს მიმართ და არა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება. 

ევროკავშირი არ ითხოვს. ევროკავშირი ამბობს, რომ ესეთი სისტემა უნდა არსებობდეს და რამე პრობლემა არის სასამართლო სისტემაში? აბა, ნახეთ სტატისტიკები. გამამართლებელი განაჩენები ნახეთ, გასაჩივრებული განაჩენები ნახეთ. რამე პრობლემა არის?

უკმაყოფილო ვარ იმით, რომ არცერთ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არა აქვს უფლება მტკიცებულებების გარეშე ადამიანს დააბრალოს კორუფცია. და როდესაც ესეთი რაღაც ხდება, ამაზე შესაბამისი რეაგირებები უნდა ხდებოდეს. და მე ვარ უკმაყოფილო იმიტომ, რომ მტკიცებულებების გარეშე, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, შეუძლიათ, გარე ფაქტორების გათვალისწინებითაც, მათ შორის, ვიღაც სახელმწიფო წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენელი, გამოვიდეს და თქვას, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერებაა შესამოწმებელი და ეს ესე არ ხდება, რა. ყველამ თავის ქვეყნის მოსამართლის კეთილსინდისიერებაზე იზრუნოს," - ამბობს თადუმაძე.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი