არ დავუშვებთ, ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეები, როგორ ბედავენ საერთოდ კეთილსინდისიერებაზე საუბარს | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე...ერთ-ერთი მოწინავეა მთელს ევროპაში" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა. 

ღარიბაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავეა მთელს ევროპაში. მისივე თქმით, ე.წ. ვეტინგის სისტემა, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, "შეურაცხმყოფელი კამპანიაა."

"​დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი სასამართლო. ეს არის ქართული სასამართლო და ჩვენ არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. დამთავრდა ის დრო, მეგობრებო, როცა სასამართლო იმართებოდა, როგორც იმართებოდა. ასევე ის დრო არ დადგება, რომ სასამართლო მართონ გარედან, უცხო ქვეყნებმა. ეგ, რა თქმა უნდა, დაუშვებელი და მიუღებელია. მით უმეტეს, აქ ზოგიერთი აგენტების ხელით, პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს...ყველა რეიტინგის მიხედვით, ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელს ევროპაში, მეგობრებო. ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის ვართ პირველ ადგილზე კანონის უზენაესობის მიხედვით...

ეს კამპანია, რაც არის ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, ეს არის შეურაცხმყოფელი კამპანია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამას არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება. ჯერ მათი კეთილსინდისიერება კარგად გამოვიკვლიოთ, კარგად გავარკვიოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ საერთოდ ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე საუბარს," - ამბობს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ექსპრემიერი დღეს იმერეთში ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს ხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი