
"მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს... ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება", - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების ერთობლივი წერილის პროექტში, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა.
ცნობილია, რომ წერილი ოფიციალურად თბილისის დროით 17:00 საათზე გამოქვეყნდება, ამ წუთებში კი ევროპარლამენტში განცხადებაზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. აღნიშნული წერილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის ოფისის ორგანიზებით მომზადდა.
ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს პოზიციას, რომ კანონი „უცხოური აგენტების“ ან „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ევროკავშირის პრაქტიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, ნაცვლად რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკისა, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის გაკონტროლებას, რეპრესიას და საბოლოოდ გაუქმებას.
ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს. ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურებების უზრუნველყოფაზე. კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ასახელებს, როგორც „უცხოეთის აგენტებს“ და „სახელმწიფოს მტრებს“, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირისგან დაფინანსებას ისე, როგორც საქართველოს მთავრობა იღებს მსგავსი საქმიანობისთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, არ მოახდინოს ამ კანონის რეინიცირება და ამის ნაცვლად განახორციელოს ინვესტიცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურ ურთიერთობაში, რომელიც, როგორც დადასტურდა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რეფორმების მონიტორინგისა და განხორციელების მხარდაჭერის საქმეში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს საქართველოს ინტეგრაციას ევროპისკავშირში.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება.
საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დაცვით, - წერია განცხადებაში.