ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ცოლმა მადრიდის ცენტრში, ისტორიულ უბანში ბინა იყიდა - ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე სტუდია "მონიტორმა" ჩაატარა. ირკვევა, რომ ნინო მიქაუტაძემ ბარბიერის ქუჩაზე, 15 ნომერში 103 კვ.მ საცხოვრებელი ბინა 2024 წლის 18 იანვარს შეიძინა. ეს ის პერიოდია, როდესაც მიქაუტაძე ჯერ კიდევ თანამდებობის პირი იყო. "მონიტორი" დოკუმენტაციასაც აქვეყნებს.
შენაძენს არც ნინო მიქაუტაძე უარყოფს, თუმცა, კითხვას, რა შემოსავლით ასაბუთებს ესპანეთის დედაქალაქში ბინის ყიდვას, არ პასუხობს - "რატო უნდა გითხრათ, რატო უნდა ჩაგაბაროთ ყველაფერზე ანგარიში? აუცილებლად გიპასუხებთ, ვავსებთ დეკლარაციას, შეავსებს მომავალი წლის დეკლარაციას და ნახავთ ყველაფერს" უთხრა ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლემ ჟურნალისტს.
ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, რა ფასი გადაიხადეს მიქაუტაძეებმა აპარტამენტში, თუმცა ამ ფართის ბინა ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ბროკერების საიტზე დაახლოებით 829 000 ევრო ღირს.
რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა თებერვალში დატოვა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, იქამდე ის სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა რამდენჯერმე გამოკითხა. წყაროს ინფორმაციით, დეპარტამენტს კითხვები მიქაუტაძის დაუსაბუთებელ ქონებასა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ჰქონდა.
იხილეთ ასევე: