
7-9 მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას წელსაც იგივე შემართებით უნდა დავუპირისპირდეთ.
"ერთი წლის წინ გამოვიდა უამრავი ადამიანი ამ კანონის საპროტესტოდ და ეს კანონი უკან გაიწვია ჩვენმა მთავრობამ. ეხლა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოს მომავალი და პერსპექტივა წაართვას. არ უნდა დავუშვათ ეს შეცდომა და ისევ იგივე შემართებით, ისევ უნდა გავუძალიანდეთ და დავუპირისპირდეთ, რომ ეს კანონი ისევ არ შემოიტანონ. რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთი არის მტერი და ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ გვჭირდება ევროპა და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ წავიდეთ წინ", - ამბობს კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, 14:00 საათზე, აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს!, თავისუფლება ლაზარეს!" გაიმართება. სტუდენტური მოძრაობების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის უკან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან ისინი "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ბიუროს სხდომაზე ინიცირებას გააპროტესტებენ. საქალაქო სასამართლოსთან კი აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება განაჩენი.
ასევე ნახეთ: