
"თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობის პერიოდში, დავით ხიდაშელის ძირითად კომპეტენციას წარმოადგენდა მინისტრისთვის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას საპასუხო წერილში წერს.
...გაცნობებთ, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობის პერიოდში, დავით ხიდაშელის ძირითად კომპეტენციას, მასთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.
ამასთან, როგორც თქვენთვის ცნობილია, მრჩეველი არ წარმოადგენს "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ დავით ხიდაშელთან გაფორმებული ხელშეკრულება, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება/გაცემა ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლებით. ამასთან, გაცნობებთ, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში დავით ხიდაშელს სამსახურებრივი პასპორტი არ ჰქონია, - წერს მინისტრი.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ხიდაშელი საქართველოს მოქალაქე იყო: "გაფორმების ეტაპზე მის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი იქნა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი".
შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის ოლიგარქებთან დაახლოებული ბიზნესმენი თავდაცვის სამინისტროში 4 წელი მრჩევლად მუშაობდა. "მთავარი არხის" გასაჯაროებული ინფორმაცია დაადასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავად ხიდაშელმაც და მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც თქვა, რომ პოსტზე ის 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე იყო.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ "მთავართან" საუბარში განმარტა, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ხიდაშელი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უწევდა ხელისუფლებას კონსულტაციებს.