
"ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს მხარს არ უჭერს არც პარტია "საქართველოსთვის". დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს განცხადება. მანამდე რუსული კანონის გაწვევისკენ ხელისუფლებას მოუწოდეს სხვა პარტიების დეპუტატებმაც.
"მოვუწოდებთ, ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი. არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ დავუჭერთ მხარს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთადერთ კანონს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შემავალ ორ პირობას, პირველი, კანონი უნდა გვიცავდეს მტრებისგან, კონკრეტულად კი ოკუპანტი სახელმწიფოს მტრული გავლენებისგან და მეორე, კანონი არ უნდა ხლეჩდეს და აპირისპირებდეს საზოგადოებას მათი ნაწილის აგენტებად და მოღალატეებად გაფორმებით, სწორედ ასეთი ეროვნული კანონია საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადაში და სხვა დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში", - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
დღეს რუსული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქციის ფონზე იწყებს.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ: