ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი, მიქაელ ო’ფლაჰერთი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის. დოკუმენტი 11 აპრილით თარიღდება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით პაპუაშვილმა დღეს ისაუბრა პლენარულ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც "ლელოს" დეპუტატმა მას კითხვა დაუსვა.
კომისარი აღნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი მსგავსია გასული წლის მარტში ინიცირებული კანონპროექტისა, რომელიც მალევე უკან გაიწვიეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი ამბობს, რომ მისმა წინამორბედმა გაუგზავნა პაპუაშვილს წერილი გასულ წელსაც, რომელშიც აღნიშნული იყო, საკანონმდებლო ინიციატივა შეშფოთებას იწვევდა, მათ შორის ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან დაკავშირებით და მოუწოდა დეპუტატებს, არ მიეღოთ ის ან მსგავსი კანონი.
"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო შეშფოთება ხელახლა შემოტანილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, მიღების შემთხვევაში, ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებების რეგისტრაციას, როგორც "უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების", თუ ისინი პირდაპირ ან ირიბად იღებენ თავიანთი წლიური დაფინანსების 20%-ზე მეტს "უცხო ძალისგან...
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა საქმეში „Ecodefence და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, „იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ შეასრულონ თავიანთი, როგორც „საზოგადოების დარაჯების“ როლი, მათ უნდა ჰქონდეთ დაფინანსების თავისუფლად მოთხოვნისა და მიღების უფლება სხვადასხვა წყაროდან. ამ წყაროების მრავალფეროვნებამ შეიძლება გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ 50-ე მუხლში ადგენს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ უფლება თავისუფლად მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებიდან, არამედ ასევე ინსტიტუციური ან ინდივიდუალური დონორებისგან, სხვა სახელმწიფოს ან მრავალმხრივი უწყებებისგან, რომლებიც ექვემდებარება მხოლოდ საბაჟო, სავალუტო და ფულის გათეთრების კანონებს, რომლებიც ეხება არჩევნების და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას", - ნათქვამია წერილში.
კომისარი ამბობს, რომ ეს დაადგენს ცალკე სამართლებრივ რეჟიმს ასეთი სუბიექტებისთვის, ხელისუფლებას ექნება ბუნდოვნად განსაზღვრული და ფართო მონიტორინგის უფლებამოსილება ასეთი სუბიექტების იდენტიფიცირების მიზნით და კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებს დააწესებს.
"მე შეშფოთებული ვარ ამ საკანონმდებლო ინიციატივის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ შემზარავი ეფექტის გამო, რომელიც მის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს მედიასაშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში", - აღნიშნულია წერილში.
კომისარი პარლამენტის თავმჯდომარეს სწერს, რომ მადლობელი იქნება, თუ წერილის ასლს მიიღებს ყველა დეპუტატი.