პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია.

ცესკოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილია, წევრობის კანდიდატთა შორის კი მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი არიან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, "ოცნების" 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ ესწრება და კანდიდატებმა 90 ხმა ამიტომ ვერ მოაგროვეს. პაპუაშვილის თქმით, ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეიცვალა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

აღნიშნულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა, კრიტიკისა და სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად,  "ოცნების" უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები მაინც დაამტკიცა. ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით. თუმცა, მიღებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი