კანონპროექტის ბედი განიხილება, როგორც ტესტი, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას | Reuters

გამოქვეყნდა:

Reuters საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და ზედიზედ მესამე ღამეა საპროტესტო აქციებს იწვევს. 

სტატიაში წერია, რომ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, აპირებს თუ არა საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ, დასავლეთთან ინტეგრაციის გზის გაჰყვეს თუ რუსეთთან დაახლოებას.  გამოცემა ასევე წერს, რომ კრიტიკოსები კანონპროექტს ადარებენ კანონს, რომელიც რუსეთმა გამოიყენა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

"კანონპროექტის 10 000-მდე მოწინააღმდეგე შეიკრიბა პარლამენტის წინ, ისხდნენ მანქანებისა და შენობების თავზე - ერთი დღის შემდეგ პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, რათა მომიტინგეები გაეყვანა შენობის ნაწილიდან. 

რამდენიმე ათასი მომიტინგე გადავიდა მთავრობის შენობასთან, რომელსაც მკაცრად იცავდა პოლიცია, რათა მოეთხოვათ შეხვედრა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან, კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერთან", - წერია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრიდან მალევე ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა და რომ ევროკავშირი, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მოუწოდებენ ქვეყანას, არ მიიღონ კანონპროექტი.

"მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ავტორიტარიზმში და რუსეთთან გადაჭარბებულ სიახლოვეში ადანაშაულებენ, ამბობს, რომ კანონპროექტი აუცილებელია გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და უცხოელების მიერ დაწესებული "ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების" წინააღმდეგ საბრძოლველად", - წერს გამოცემა.

გამოცემა ამბობს, რომ შსს-მ გუშინდელ აქციაზე 2 პირი დააკავა, სამშაბათს დაშლისას 11, დაშავდა ერთი პოლიციელი და რომ მომიტინგეები მომდევნო დღეს აქციაზე უშიშრად გამოჩნდნენ.

Reuters ყურადღებას ამახვილებს კრემლის პრესსპიკერის, პესკოვის კომენტარზეც, რომელიც იცავს კანონპროექტს და ამბობს რომ ეს "ნორმალური პრაქტიკაა".

 

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი