ბუნდესტაგის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანტონ ჰოფრაიტერი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
მისივე თქმით, გზავნილი არის მკაფიო, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.
"საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც საჭიროდ თვლის, ამავე დროს, ევროკავშირი არის წესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მასში გაწევრიანება სურს, უნდა მისდევდეს ამ წესებს. კანონი კი, რომელიც ცნობილია როგორც უცხოელი აგენტების კანონი, არ შეესაბამება ამ წესებს, ამიტომ, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრობა. ეს იქნება დასანანი, რადგან, გერმანიის პარლამენტის დემოკრატი წევრების უმეტესობა თვლის, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. რადგან ეს კარგი იქნება, საქართველოსთვის და ასევე კარგი იქნება ევროკავშირისთვის. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაძლოა, პარლამენტში არის ხალხი, რომლებიც სინამდვილეში ამას მხარს არ უჭერენ, ასეა თუ ისე, ჩვენი გზავნილი არის მკაფიო, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი", - თქვა ჰოფრაიტერმა.