მოვუწოდებთ მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი, შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე | Transparency International

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელალხა ინიცირებასა და 17 აპრილს მისი პირველი მოსმენით მიღებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა წინა ღამით თბილისის ქუჩებში მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ეს კანონპროექტი და შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, მათ შორის მის დგილობრივ ფილიალზე – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე".

"ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად აზიანებს დემოკრატიულ პრინციპებს და ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

ასევე სერიოზული უკუსვლაა სამოქალაქო თავისუფლებების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების მიმართულებით საქართველოში, ასევე ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი", - წერია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში გაუარესებული გარემოსა და სამოქალაქო სივრცის სერიოზული შემცირების გამო,  არჩევნების მონიტორინგის, დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედია საშუალებებისთვის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ეს კანონპროექტი და შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, მათ შორის ჩვენს ადგილობრივ ფილიალზე – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე". ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერმა ახალმა კანონმდებლობამ გააძლიეროს და არა დააზიანოს საქართველოს სწრაფვა გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობისკენ.

შემოთავაზებული კანონმდებლობა მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სუბიექტების კატეგორიზაციას, როგორც „ორგანიზაციას, რომელიც უცხოური ძალის ინტერესებს ატარებს“, რაც წარმოადგენს მძიმე სტიგმატიზაციას და გამოიწვევს ამ ორგანიზაციების სასიცოცხლო საქმიანობის დისკრედიტაციას. ასეთი ზომები არა მხოლოდ შემზღუდველია, არამედ საზიანოა დემოკრატიული დისკურსისა და ჩართულობისთვის, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განმასხვავებელი ნიშანი.

ამ საკანონმდებლო ინიციატივას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის წარმომადგენლების, ევროკომისიის, ევროპარლამენტის წევრებისა და აშშ-ის სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წევრების მხრიდან. აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ კანონი წარმოადგენს მიზანმიმართულ თავდასხმას საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე და ის არადემოკრატიული რეჟიმების მიერ მიღებული მჩაგვრელი კანონების მსგავსია. კანონის ხელახალი შემოღებისთანავე საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა უფრო ღია და დემოკრატიული საზოგადოებისადმი. ეს კანონი ასახავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ და 2022 წელს გაფართოებულ მჩაგვრელ კანონმდებლობას, რამაც განაპირობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთის“ „არასასურველ ორგანიზაციად“ დასახელება, რასაც საბოლოოდ მისი დახურვა მოჰყვა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს გზაზე, რომელიც ხელს უწყობს ღია საზოგადოების განვითარებას, ყველა დაინტერესებული მხარის ძლიერი მონაწილეობით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის პროგრესს ევროპული ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ".

განცხადებაში ციტირებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარის, ფრანსუა ვალერიანის განცხადება:

"საქართველოს მიერ ამ კანონის სხვა სახელწოდებით ხელახალი შემოღება არ ცვლის საფუძვლიან განზრახვას, დააზიანოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს ამ რეგრესულ გზას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ღია მმართველობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი. საქართველოს დემოკრატიის მომავალი და მისი ადგილი ევროპულ საზოგადოებაში დამოკიდებულია კრიტიკული ხმების დაცვაზე და არა მათ დევნაზე".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი