"გვინახავს ასეთივე კანონპროექტები, კრემლში და არამხოლოდ კრემლში... კანონპროექტი არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს - გამჭვირვალობას" | რიგით მეათე განცხადება სახდეპში რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"გვინახავს ასეთივე კანონპროექტები, კრემლში და არამხოლოდ კრემლში... კანონპროექტი არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს - გამჭვირვალობას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ჟურნალისტ ალექს რაფაოღლუს საპასუხოდ საუბრობს.

აქვე, ჟურნალისტმა პატელს ჰკითხა, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ საქართველოში რუსული კანონის ავტორებმა აშშ-ში შესვლა ვერ შეძლონ, რაზეც პატელს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

"გუშინ საკმაოდ მკაცრად ვისაუბრეთ ამაზე. ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით, რომელმაც პირველი მოსმენა გაიარა. კონკრეტულად იმ გზებით, რომლებითაც იგი მიზანში იღებს და სტიგმატიზებას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედია ორგანიზაციებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი საყრდენები არიან ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის. ჩვენ ახლოს ვაკვირდებით სიტუაციას, ახლოს ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, რომ პატივი სცენ თავისუფლებას, მშვიდობიან შეკრებასა და გამოიჩინონ თავშეკავება, მოერიდონ ესკალაციასა და ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.

მე არ ვაპირებ ვისპეკულირო ჰიპოთეტურ საკითხებზე, რომლებიც ეხება რუსეთს. მე ვთქვი, რომ ჩვენ გვინახავს იმავენაირი კანონპროექტები, რომლებსაც იყენებდნენ კრემლში და არამხოლოდ კრემლში, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობები, რომლებიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციასა და სისტემურ რეპრესიებს ეწევიან. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონპროექტი არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს, გამჭვირვალობას", - ამბობს პატელი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი