გომელაური რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

გომელაური რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს - ამის შესახებ მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების პროვოცირებას ცდილობდნენ და მათ მიმართ უშვერი სიტყვებით საუბრობდნენ. გომელაური ამბობს, რომ აქციებზე, საერთო ჯამში, 40 პირი დააკავეს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ყველამ ვნახეთ სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებული სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და 16 აპრილს, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა.

საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ეს ტელევიზიაშიც ძალიან კარგად ჩანდა, პრობლემა არ არის, ნუ ღიზიანდებით, ჩართეთ ტელევიზია, ასევე ოპოზიციური ტელევიზიები და ნახავთ პირდაპირ ეთერშიც ჩანდა ძალიან კარგად. 

ამ ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დაკავდა 40 პირი. პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების ესკალაციის შექმნა იყო და ამისათვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით, მას შემდეგ, როდესაც უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახის წევრებს, შვილებს... ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებს და პოლიციას შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი, ნამდვილად, დამერწმუნეთ, თუმცა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟრებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი. 

რაც შეეხება აქციის მესამე დღეს - პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და არავინ იმყოფებოდა. მათ ძალიან ბევრი კითხვები ჰქონდათ, სად გაქრა პოლიცია. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამბობთ ხოლმე, რომ უპრეცენდენტო მობილიზებაა პოლიციის. პოლიცია არ იყო, ეგეც არ მოგეწონათ. ხან მოგწონთ პოლიცია რომ არის, ხან არ მოგწონთ. ეგეც არ ვიცი. თქვენ გადაწყვიტეთ რომელი უკეთესია თქვენთვის. 

ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გადანაწილებული იყვნენ რუსთაველის გამზირზე. აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და სავარაუდოდ სწორედ ამიტომ მიიღეს კანცელარიასთან გადასვლის გადაწყვეტილება. ცდილობდნენ მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას. ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა. აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ სახელებს და გვარებს, ყველა ნათლად ხედავდით ტელევიზორში...

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი