პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით ქვეყნის პარტნიორების, ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადების შემდეგ ამბობს, რომ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს.

ბორელმა გუშინაც გაიმეორა, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

"სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ ქცევას, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე, იმისთვის რომ შემდეგ... მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", - ამბობს პაპუაშვილი. 

ცნობისთვის, 17 აპრილს, სართაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და საზოგადიების პროტესტის ფონზე, "ოცნებამ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს - 83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. ამ დღეს ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს  და თქვეს, რომ კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

პარალელურად გრძელდება საპროტესტო აქციები.

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

"ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი