აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება | SJC

გამოქვეყნდა:

"აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება," - ამის შესახებ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ავრცელებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სამართალდამცავ ორგანოებში სამსახურებრივი  ფორმებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის სისტემის შემოღებას.

SJC-ის შეფასებით, არაიდენტიფიცირებადი ფორმა მნიშვნელოვნად აფერხებს სამართალდამცავების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიებას და დაუსჯელობის განცდას იწვევს პოლიციელებში.

"საქართველოს კანონმდებლობა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად პოლიციელს აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას ანიჭებს. პასიურ სპეციალურ საშუალებებში მოიაზრება ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხვა ისეთი საშუალებები, რომელიც პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.[1] გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა, პასიური სპეციალური საშუალებები კონფიდენციალურობის დაცვის მიზანსაც შეიძლება ემსახურებოდეს.

ბუნებრივია, რომ ფარის, ნიღბისა და სხვა საშუალებების გამოყენების განსაკუთრებული საჭიროება  საპროტესტო აქციების ფარგლებში ვლინდება, ვინაიდან ამ დროს მაღალია ქიმიური გამღიზიანებლებისა და სხვა საფრთხეებისგან სამართალდამცავის ფიზიკური დაზიანების რისკები. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშვალდებულების, სავარაუდო დანაშაულის გამოძიებისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, აუცილებელია, რომ სპეციალურ საშუალებებზე ან სამსახურეობრივ ფორმებზე დატანილი იყოს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი/ნომერი. არაიდენტიფიცირებადი ფორმა მნიშვნელოვნად აფერხებს სამართალდამცავების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიებას და დაუსჯელობის განცდას იწვევს პოლიციელებში.

სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ასახელებს აქციის საქმეების გამოძიების მთავარ სირთულეებს შორის. სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში მითითებულია, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმებით (ე.წ. „რობოკოპით“/ჩაფხუტით ან/და ნიღბით), რომელზეც არ არის დატანილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.[2]

სამართალდამცავების, განსაკუთრებით სპეცრაზმის, ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნებით უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებითაც არის განმტკიცებული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე საქმეში კონვენციის მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) შეუსაბამოდ მიიჩნია სამართალდამცავების იდენტიფიცირების გამომრიცხავი კანონმდებლობა და პრაქტიკა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, პოლიციელების კონფიდენციალურობის დაცვა შეიძლება იყოს უსაფრთხოების ლეგიტიმური საზრუნავი, თუმცა ეს არ უნდა აბრკოლებდეს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დამცავი საშუალებები პოლიციამ მხოლოდ აშკარა  წინააღმდეგობის რისკის პირობებში უნდა გამოიყენოს და ამ შემთხვევაშიც მას მოეთხოვება საიდენტიფიკაციო ნომრების თვალსაჩინოდ გამოჩენა.[3]

ევროპულმა სასამართლომ სხვა საქმეში უშუალოდ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მაიდენტიფიცირებელი ნომრების მნიშვნელობაზე იმსჯელა. აღნიშნული საქმის ფარგლებში ეროვნულმა საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ აქციის მონაწილის სიცოცხლე სამართალდამცავის იარაღიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა, თუმცა ვერ მოხერხდა კონკრეტული პირის იდენტიფიცირება. ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, გამოძიების პროცესში მთავარი დაბრკოლება პოლიციელების მიერ ე.წ. ბალაკლავების ტარებამ შექმნა იმ ფონზე, როდესაც  რაიმე სახის განმასხვავებელი ნიშანი მათზე დატანილი არ ყოფილა.[4] სასამართლოს განმარტებით, არ არის აუცილებელი ზოგადად შეფასდეს, რამდენად თავსებადია კონვენციის მოთხოვნებთან პოლიციელების მიერ დამცავი საშუალებების ტარება დემონსტრაციების დროს. მთავარი ის არის, რომ არაიდენტიფიცირებადმა ფორმამ შეუძლებელი გახადა დანაშაულის ჩამდენი პოლიციელის იდენტიფიცირება. თავისთავად ეს ფაქტი უკვე არის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევა.[5]

პოლიციელების სპეციალურ ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნომრების დატანის ვალდებულება ევროპის არაერთი ქვეყნის (გერმანია, დანია, ნორვეგია და სხვ.) კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.[6] ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევებში არ არის განსაზღვრული ფორმაზე პოლიციელის სახელისა და გვარის ან სხვა პირდაპირ-მაიდენტიფიცირებელი ნიშნების დატანის აუცილებლობა.[7] რეგულაციები ძირითადად მოიცავს ციფრებსა და სიმბოლოებს, რომლებიც დეკოდირების შემდეგ სასამართლოებსა და საგამოძიებო ორგანოებს, სამართალდამცავის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს.  მაგალითისთვის, დანიაში ყველა პოლიციელს აქვს სამსახურეობრივ ფორმაზე საიდენტიფიკაციო ნომრის ტარების ვალდებულება. ნომერი არის 6x3 სმ  ზომის, გამოსახულია შავ ფონზე ყვითელი ტექსტით და მიმაგრებულია ფორმის უკანა მხარეს.

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის თანახმად, ნიღბების გამოყენება არამხოლოდ შეკრების ადგილას, არამედ პოლიციის შენობაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებასაც აფერხებს. გამოკითხვის დროს არაერთხელ დაფიქსირებულა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.[8] თუ ამ დროს პოლიციელს სახე ნიღბით აქვს დაფარული და ვერც ფორმით ხერხდება რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დადგენა, თითქმის შეუძლებელი ხდება დამნაშავის შემდგომი ამოცნობა და ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება," - წერს ორგანიზაცია.

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და ამ ორგანოების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს პოლიციელების სამსახურეობრივ ფორმებსა და სპეციალურ საშუალებებზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნების/ნომრების დატანა;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს - აქტიურად განახორციელონ სამართალდამცავთა იდენტიფიცირების მექანიზმების საჭიროების ადვოკატირება.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი