ვინ არიან ქართველი სპორტსმენები დიდ პოლიტიკაში

გამოქვეყნდა:

სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც. ვინ არიან ქართულ პოლიტიკაში წასული პოლიტიკოსები და არა მხოლოდ: 

10 სექტემბრს "ქართული ოცნების" სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენი - კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დავით კაჭარავა წარადგინეს.

დავით კაჭარავამ სარაგბო კარიერა სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმიტომ, რომ ბედი პოლიტიკაში ეცადა. იქამდე კი, კაჭარავამ გადაცემაში "სპორტი დიდ ქალაქში"  სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კარიერის რუსეთში გაგრძელებაც არ გამორიცხა - "შესაძლოა, რუსეთში წავიდე, თუ ეს სირთულეები გაგრძელდა, შესაძლოა, კარიერის დასასრულიც იყოს"- თქვა აწ უკვე ყოფილმა მორაგბემ. ჯერ კიდევ 2013 წელს, კაჭარავამ "ქართულ ოცნებას" 30 ათასი ლარი შესწირა.

"სპორტსა და პოლიტიკას ყოველთვის ვმჯინავდი" - ამ სიტყვების ავტორი, მორაგბე კაჭარავას მსგავსად, დღეს უკვე დიდ პოლიტიკაშია.  საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე "ქართული ოცნების" სიაში მე-13 ნომრად იასპარეზებს. სანიკიძე იმ სპორტსმენებს შორისაა, ვინც 2020 წელს თორნიკე შენგელიას რუსული არმიის საკალათბურთო კლუბში გადასვლით გახარებული იყო - "შენგელიას ცსკა-ში გადასვლა ძალიან მახარებს. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევიან. მათთვის სასიამოვნო სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა" - თქვა სანიკიძემ, რომელიც რუსეთში თავადაც თამაშობდა. 

"ერკევევიან" თუ არა თავად პოლიტიკაში სანიკიძე-კაჭარავა და ექნებათ თუ არა მათ ისეთივე მიღწევები პოლიტიკაში, როგორც სპორტში, ამას მათი პარალმენტში მოხვედრის შემდეგ ვნახავთ. იქამდე კი, "ქართული ოცნების" სიის ფორვარდებმა პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავეს. 

არც ვიქტორ სანიკიძე და არც დავით კაჭარავა, პირველები არ არიან ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ, ერთად გადავავლოთ თვალი, ვინ არიან დიდი სპორტიდან დიდ პოლიტიკაში წასული ადამიანები:

კახა კალაძე - თბილისის მერი

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, წარმატებული ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის 9 წელი, იტალიაში, საფეხბურთო კლუბ "მილანში" გაატარა. მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, კალაძე აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო - იყო ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის შემდეგ კი თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. 

"მე მას ნახევრად ხუმრობით ვკითხე ხომ არ აპირებ პოლიტიკაში მოსვლას, სადაც გინდა იქ დაგაყენებ დაცვაში თუ თავდასხმაში, მისი პასუხი ასეთი იყო - მე მოვედი, რომ გვერდით დაგიდგე და ვემსახურო ჩემს ქვეყანას, შემიძლია კარებშიც დავდგე, შემიძლია თავზეც დავდგე, დავდგები იქ სადაც დასჭირდება ჩემს სამშობოლოს და გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი" - ასე იხსენებდა ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს კალაძესთან გაცნობის დღეს.

ლევან კობიაშვილი - "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანში

ლევან კობიაშვილი, 2015 წლიდან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, ამავდროულად ის "ქართული ოცნების" დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. კობიაშვილი პოლიტიკურ პარტიას 2016 წელს შეუერთდა. პოლიტიკაში მოსვლამდე საქართველოს ნაკრებსა და არაერთ გერმანულ კლუბში თამაშობდა.

მიხეილ ყაველაშვილი - "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევში

ყაველაშვილი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი 2016 წლიდანაა და ის პარლამეტში მაჟორიტარად მოხვდა. პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ყაველაშვილის 4 წლიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა წარმატებულად შეაფასა. პოლიტიკაში ფეხბურთიდან მოვიდა - მანამდე ის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი და სხვადასხვა მსოფლიო გუნდის ფეხბურთელი იყო. 

გიორგი ნემსაძე - საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის" ყოფილი თავმჯდომარე

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე, "ოცნების" რიგებში  დიდხანს არ გაჩერებულა. ის დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარედ 2013 წელს წარადგინეს. ნემსაძე პოლიტიკიდან მალევე წავიდა - ამჟამად ის საფეხბურთო კლუბ "გორის დილას" მწვრთნელია.

ირაკლი აბუსერიძე - მორაგბე, "ქართული ოცნების" წევრი

საქართველოს ნაკრების 15-გზის კაპიტანი, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი, მორაგბე ირაკლი აბუსერიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, "ქართული ოცნებიდან". მანამდე კი, 2014-16 წლებში დედაქალაქის საკრებულოს წევრი იყო. 

სოსო ჯაჭვლიანი - ყოფილი დეპუტატი

რეჟისორი, მსახიობი და საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს საკუთარი ძალები პოლიტიკაში სცადა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას კენჭი გლდანის მაჟორიტარად იყარა. პოლიტიკაში თავი დაგვამახსოვრა ფრაზით - "მე ბოზებში არასდროს დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა". დეპუტატმა ჯაჭვლიანმა ასე EBRD-იზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა:

ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ბრძანა ამ რამოდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები. მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა EBRD-ზე, - თქვა მაშინ ჯაჭვლიანმა.

სოსო ჯაჭვლიანმა თავი პარალამეტში ჩხუბითაც დაგვამახსოვრა. 

ლუკა კურტანიძე - მოჭიდავე, ყოფილი დეპუტატი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე და მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე 2012 წლის შემდეგ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა. 2015-16 წლებში კი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო "ქართული ოცნებიდან".

"ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდმა დიდსულოვნებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს ერთად ვზივართ", - 2015 წელს პარლამენტში გაწევრიანების შემდეგ კურტანიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა.

კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორიც იყო, რომელმაც, ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილსა და ვეტერან მოჭიდავე რაიდი აბრამიშვილს სცემა..

ზურაბ ზვიადაური - ძიუდოისტი, ყოფილი დეპუტატი

ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი 0 ზურაბ ზვიადაური. "ქართული ოცნების" რიგებს ის 2012 წლიდან შეუერთდა, 2016 წლის ბოლოს კი,  დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ზვიადაური გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტად დაინიშნა. პოლიტიკოსის რანგში, ზვიადაურმა საზოგადოებას თავი ძირითადად, პარლამენტში ჩხუბით დაამახსოვრა. 

შოთა ხაბარელი - "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი

 

 

 

 

 

 

 

ძიუდოისტი შოთა ხაბარელი "ქართულ ოცნებას" 2012 წელს შეუერთდა. მას შემდეგ ის ქვეყნის პარლამენტის წევრია.

ხაბარელი 2015 წელს სპორტის სამინისტროს კრიტიკით გამოირჩეოდა. 2016 წელს კი კორცხელის ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაადანაშაულა და თქვა, რომ იქ სპორტსმენების მობილიზაცია არ ყოფილა.

გიორგი ასანიძე - საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ყოფილი დეპუტატი

გიორგი ასანიძე, 2004 წელს, ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც, უკვე 2008 წლიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა - მაშინ ის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ასანიძე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ის დღემდე ამ პოზიციაზეა. 

ოლეგ იაძე - კასპის ყოფილი გამგებელი

"ტატამია, ტატამი" - ამ ფრაზით დაამახსოვრდა საზოგადოებას კასპის ყოფილი გამგებელი, ყოფილი სამბისტი და მწვრთნელი. ოლეგ იაძე კასპის გამგებლის თანამდებობას 2012-2013 წლებში იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი თქვა, რომ "ოცნების" მხარდამჭერად რჩებოდა. 2018 წელს პოლიტიკაში დაბრუნებით კვლავ დაინტერესდა - "ქართული ოცნების" ოფისში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ოლიგარქმა ივანიშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და "ძველ გვარდიას" მოუხმო.

თენგიზ ხუბულური - "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, ძიუდოისტი. "ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პრობლემები თითქმის დაძლეულია" , - თქვა 2020 წლის ივლისში ხუბულურმა. როგორც შემდეგ FactCheck-მა დაადგინა, მისი ეს განცხადება მცდარი იყო. 

თემურ ჩხაიძე - ფეხბურთელი, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი

ფეხბურთელი, რომელიც დღემდე, ლანჩხუთის "გურიის" ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის მმართველი პარტიის რიგებს შეუერთდა - 2012-16 წლებში ის პარლამენტში, "ოცნების" მაჟორიტარი იყო გურიიდან. 

ეს არ არის იმ სპორტსმენების სრული ჩამონათვალი, რომლებმაც სპორტული კარიერის შემდეგ,
პოლიტიკაში გადაინაცვლეს. რა გაუკეთებიათ მათ პოლიტიკოსების რანგში, რთული სათქმელია. პარლმენტის სხდომათა დარბაზში კი, მათი მონაწილეობით, არაერთი ხელჩართული ჩხუბი გამართულა.

სპორტიდან პოლიტიკაში მიდიან სხვა ქვეყნებშიც

მაგალითად, უკრაინული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო კარიერის დასრულების შემდეგ პარტიას "წინ უკრაინა" შეუერთდა. თუმცა, თავის საქმეს მალევე დაუბრუნდა და ახლა უკრაინის ნაკრების მწვრთნელია. 

მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა ჭადრაკში, გარი კასპაროვმა სპორტული კარიერა პოლიტიკაში წასვლის მიზნით, 2007 წელს დაასრულა. ის საკმაოდ აქტიური და გამორჩეული ოპოზიციონერი და ანტიპუტინისტია.

პოლიტიკაში წავიდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, რომარიოც. ის ბრაზილიის სოციალისტური პარტიის წევრია და პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატადაც აირჩიეს. 

მსახიობი და ბოდიბილდერი არნოლდ შვარცნეგერი კი, რომელმაც 70-იან წლებში მისტერ ოლიმპიას ტიტული ზედიზედ 5-ჯერ მოიპოვა, პოლიტიკაში 2003 წელს წავიდა. ის კალიფორნიის 
38-ე გუბერანტორი გახდა. მან პოსტი მეორე ვადითაც შეინარჩუნა და კაბინეტი 2011 წელს დატოვა. ბოლო პერიოდში შვარცნეგერი აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის საკითხებში.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი