კოალიციურია ისეთი მთავრობა, რომელიც შემდგარია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისაგან. ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც პარტიები ხმების რაოდენობით ვერ აგროვებენ საპარლამენტო უმრავლესობას და შეუძლებელი ხდება ერთპარტიული მთავრობის შექმნა.
კოალიციური მთავრობის შედგენა, ძირითადად, მოსდევს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს. გარდა ამისა, ხშირად კოალიციაა ერთადერთი გამოსავალი, რათა სახელმწიფომ დაძლიოს პოლიტიკური მექანიზმის ნგრევა და მასში არსებული უთანხმოებები.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიოში მრავალი კოალიციური მთავრობა შედგა. ამის განმაპირობებელი ფაქტორი, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომი და ომის შემდეგ გაჩენილი ეკონომიკური კრიზისი იყო.
ამჟამად კოალიციური კაბინეტით იმართება ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ავსტრალია, ავსტრია, კვიპროსი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, უკრაინა იტალია და ა.შ. ამ მხრივ, გამორჩეულია შვეიცარია - მათი კოალიციური პრაქტიკა "მაგიური ფორმულის" სახელწოდებითაა ცნობილი; ქვეყანას 1959 წლიდან 2008 წლამდე 4 ყველაზე ძლიერი პარტიისაგან შემდგარი კოალიცია მართავდა.
1991 წელს, საბჭოთა კავშირისაგან გათავისუფლების შემდეგ, სომხეთში ბევრი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა. ისინი ხშირად თანამშრომლობდნენ ერთამენთთან და, თითქოს, წინასწარვე ფიქრობდნენ კოალიციის შექმნაზე. 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან სომხეთს მართავს კოალიცია სახელწოდებით "ჩემი ნაბიჯი".
კოალიციის მომხრეები ამბობენ, რომ ასეთი მთავრობები კონსესუსზე დაფუძნებული პოლიტიკით მართავენ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს მთავრობა დგება სხვადასხვა პარტიისა თუ იდეოლოგიისაგან, თითოეულ მათგანს უწევს დათმობაზე წასვლა და სახელმწიფოსათვის შეძლებისდაგვარად სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.
გარდა ამისა, კოალიციის დროს თითქმის ქრება ალბათობა იმისა, რომ ქვეყანა რომელიმე პარტიის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ მოექცეს. ამას გარდა, კმაყოფილია ამომრჩეველიც - კოალიციაში მოხვდნენ ის პარტიები, რომელთაც საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში იმატა კოალიციური მთავრობებისადმი კრიტიკამ.
მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი ხშირად ისაა, რომ კოალიციებში შემავალი პარტიები განსხვავდებიან რა ერთამენთისგან პოლიტიკური შეხედულებებით, ჩნდება ალბათობა, რომ ისინი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას რიგ საკითხებზე.
კოალიციური მთავრობების კიდევ ერთ ნაკლად მიიჩნევა, რომ ისეთი პარტიები, რომლებმაც არჩევნებზე ბევრი ხმა ვერ მოიპოვეს, უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მსხვილ პარტიებთან. ამის გამო, შესაძლოა, ამომრჩეველთა დაპირებები მათ ვერც კი შეასრულონ, თუ კი ვერ შეთანხმდებიან წამყვან პარტიებთან. ასეთი მაგალითი გერმანიას ახსოვს - პარტია "გერმანიის თავისუფალი დემოკრატები" ამომრჩეველს საგადასახადო სისტემის რეფორმას დაჰპირდა, თუმცა კოალიციაში შემავალი პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და დაგეგმილი რეფორმა ჩავარდა. არადა, სწორედ, საგადასახადო რეფორმა იყო ის, რის გამოც გერმანელთა ნაწილმა FDP-ს მხარი დაუჭირა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდზე საუბრისას, ხშირად ამბობენ, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი საჭირო გახდება. ამიტომ დავინტერესდით, რას ფიქრობენ პოლიტიკოსები კოალიციურ მთავრობებზე და მის ეფექტიანობაზე:
"კოალიციური მთავრობები იმ ქვეყნებში, სადაც ამის ტრადიცია არსებობს, ხშირად ეფექტიანად მუშაობს. თუმცაღა, კოალიციები თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არჩევნები უფრო ხშირად ტარდება ასეთი გამოცდილების მქონე ქვეყნებში. მაგალითად, იტალია ცნობილია, როგორც ქვეყანა, რომელშიაც ყველაზე ხშირად იცვლება მთავრობა. ამის მიზეზი მარტივია - კოალიცია რომ იშლება, საჭირო ხდება ახალი არჩევნების ჩატარება" - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი
ალბათობის მიუხედავად, რომ მთავრობები ხშირად შეიცვლება, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ კოალიციური მოდელი ყველაზე მეტად ასახავს ხალხის ნებას და ეს სტაბილურობის გარანტია.
"პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანია, პარლამენტის შემადგენლობა ასახავდეს ხალხის არჩევანს. სწორედ ეს არის სტაბილურობის გარანტი და არა ის, რომ ძლიერი უმრავლესობა იყოს პარლამენტში, რომელიც სულაც არ ითვალისწინებს ადამიანების ნებას. თუმცა, კოალიციაში უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ კოალიციური მთავრობები თუ არ არის ძალიან ძლიერი, ერთიანი პროგრამის გარშემო გაერთიანებული, როგორც წესი, ჭირს რეფორმების გატარება. გასათვალსწინებელია, რომ ასეთ დროს შეთანხმებაა მისაღწევი დანარჩენ პარტიებთან, რაც, ზოგჯერ, რთულდება, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, თეორიულად რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა შედგეს და მისი საქმიანობა ეფექტური იყოს.
"საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ, პირველ რიგში, ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. თუ პარტიები ხმების რაოდენობით ვერ მოაგროვებენ საპარლამენტო უმრავლესობას, ვერც ერთპარტიული მთავრობა შეიქმნება და მათ მოუწევთ საერთო პოლიტიკური სამოქმედო გეგმის შემუშავება.
"კოალიციური მთავრობის შექმნის წინაპირობა ყოველთვის პოლიტიკური გარემოა. სწორედ ის უბიძგებს პარტიებს, რომ შეთანხმდნენ, საერთო პროგრამის მიხედვით იმოქმედონ და ამ გზით გაატარონ მმართველობაში ამომრჩეველთა სურვილები. თუ პარტიები კოალიციაზე ვერ ჩამოყალიბდებიან, ისინი იმ ხმებსაც დაკარგავენ, რაც მიღებული აქვთ. ეს რომ ასე არ მოხდეს, პოლიტიკოსები მაქსიმალურად ეცდებიან, პოლარიზაცია შეამცირონ - რაც როგორც მათი, ისე, მოსახლეობის ინტერესი იქნება" - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
"მთავარი არხი" დაუკავშირდა "ევროპული საქართველოს" წევრს - ელენე ხოშტარიასაც. ხოშტარია გვესაუბრა ქართული პოლიტიკური სივრცისთვის კოალიციური მთავრობის საჭიროებასა და პოლიტიკური სპექტრის საამისო მზადყოფნაზე.
ქართული პოლიტიკური კონტექსტი აბსოლუტურად მომწიფებულია კოალიციისათვის. ოპოზიციამ ასეთი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა უკვე აჩვენა - როდესაც ჩვენ შევთანხმდით ყველა საბაზისო საკითხზე. მართალია, პოლიტიკურ პარტიებს შორის ბევრი განსხვავება არსებობს, თუმცა ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ერთპარტიული მთავრობა ვეღარ ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას. სწორედ ამიტომ, პოტენციურ კოალიციაში შემავალ პარტიებს, მოუწევთ პოლიტიკური ბალანსის დაცვა და ერთმანეთის ინტერესებზე ზრუნვა - თუ ჩვენ გვინდა, რომ ეფექტურად გავატაროთ ხალხის ინტერესები პარლამენტში, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
გარდა ამისა, დავინტერესდით, რამდენად დაბალანსებული შეიძლება იყოს დიდი და პატარა პარტიების ინტერესები ქართულ კოალიციაში და მოხერხდება თუ არა საერთო შეთანხმებაზე დაფუძნებული მმართველობის ჩამოყალიბება.
მსხვილი პარტიები ყველა კოალიციაში არსებობს, კოალიცია კი ზუსტადაც კოორდინაციაა დიდ და პატარა პარტიებს შორის. ჩვენთანაც გამოკვეთილია, რომ არსებობს სხვადასხვა ზომის პარტია, თუმცა მთელი არსი კოალიციის არის ის, რომ ყველა დიდ პარტიას უწევს ანგარიშის გაწევა პატარა პარტიებისთვის - ესაა ჯანსაღი კოალიცია. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელმა ქართულმა კონტექსტმა პირდაპირ მოითხოვა ფიქრი პოტენციურ კოალიციაზე. ამიტომ მე გამოვრიცხავ, რომ ალიანსი ვერ შედგება პარტიებს შორის ძალთა არათანაბარი ბალანსის გამო. მათ მოუწევთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა - პატარა პარტიის გარეშე დიდიც ვერ შეკრავს კოალიციას და, სწორედ ამიტომ, მათ ექნებათ საერთო ინტერესი პოლიტიკური ბალანსისთვის. ეს კი, შედეგად, აუცილებელ და საჭირო პოლიტიკურ კონსესუსამდე მიგვიყვანს, რაც კოალიციის ფორმირების საძირკველია - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებეთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება და ეს პირველი არჩევნებია, როდესაც ოპოზიურ სპექტრში ასე აქტიურია განხილვა შესაძლო კოალიციური მთავრობის შექმნაზე. ამასთან, 30 ოპოზიცური პარტია თანხმდება, რომ ისინი ამ საარჩევნოდ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ და ხელისუფლებას ხმებით მანიპულირების საშუალებას არ მისცემენ. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება საჭირო არ იქნება და "ქართული ოცნება" დამაჯერებლად მოიგებს.
ავტორი: თინათინ ინაური