"ეს არის არამხოლოდ არასწორი რიტორიკა, არამედ აბსოლუტურად არასწორი სულისკვეთება..." - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, კნუტ აბრაჰამი "მთავარ არხთან" საუბრობს.
ამ ყველაფრის პოზიტიური მხარე არის ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ჭეშმარიტად ევროპული ქვეყანა და ქართველმა ხალხმა აირჩია განვითარების ევროპული გზა. ასევე, ევროკავშირმა აირჩია საქართველო კანდიდატად. ამიტომ, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის არა სადღაც შორს, არამედ ევროპული ფასეულობების შუაგულში. სწორედ ამიტომ ვადევნებთ თვალს საქართველოს ასეთი ინტერესით და მე მართლაც მაშფოთებს ძალადობა ქუჩებში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დემოკრატიისა და ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვენ.
უნდა გითხრათ, რომ მე, ისევე როგორც ჩემი ბევრი კოლეგა, მართლაც გაღიზიანებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოს მმართველი პარტიის წევრებისგან გვესმის. მე განსაკუთრებით გაკვირვებული ვარ ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველოს ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, "ქართულ ოცნებასთან", მაგრამ არასდროს მომისმენია ისეთი რიტორიკა, რომელსაც ახლა ვისმენთ ბატონი ივანიშვილისგან. მე მაინც მრჩება იმედი, რომ საქართველოში არსებობენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ხვდებიან, რომ ეს უცხოელი აგენტების კანონი ცუდი იდეაა.
თუმცა, გარდა იმისა, რომ ეს კანონი არის გამაღიზიანებელი, ასევე უნდა გითხრათ, რომ სულისკვეთება იმ გამოსვლისა, რომელიც მოვისმინეთ, არ შეესაბამება ევროპულ რეალობას. სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი გლობალური ომის პარტია, რომელიც თითქოს მანიპულირებს NATO-თი, ევროკავშირით, საქართველოს ოპოზიციით ან ვინმეთი. ეს არის ფიქცია. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არის არამხოლოდ არასწორი რიტორიკა, არამედ ასევე აბსოლუტურად არასწორი სულისკვეთება. დიპლომატიაში, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად უნდა იმსჯელონ.
ჩვენ ახლა ვაფასებთ სიტუაციას და ვმსჯელობთ შესაძლო შედეგებზე. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც პატივი უნდა ვცეთ - ნებისმიერი შედეგი უნდა იქნას მიმართული კონკრეტულად იმ ადამიანებისადმი, ვინც პასუხისმგებელია არასწორი გზის არჩევაში, - ამბობს ის.