"როგორ ვრცელდება პუტინიზმი" | Wall Street Journal-ის სტატია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

"როგორ ვრცელდება პუტინიზმი - საქმეების შესწავლა საქართველოში", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Wall Street Jounrnal და წერს, რომ ქვეყანაში "ახალი კანონი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს პოლიტიკურ შევიწროებაში გამოავლენს".

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაერთიანება სურთ, რუსეთი კი მათ გაჩერებას ცდილობს. 

გამოცემა გასულ კვირაში გამართულ მასშტაბურ აქციებს მიმოიხილავს და წერს, რომ თბილისის ცენტრში, ათიათასობით ქართველი [რუსული] კანონის გასაპროტესტებლად არაერთხელ შეიკრიბა, "მათ კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, ყუმბარებითა და წყლის ჭავლით უპასუხა", რამაც ქუჩებში ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. 

"ეს პოლიტიკური კრიზისი მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში დაინიცირებულმა კანონპროექტმა გამოიწვია. ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ისეთი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველწლიური დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 1992 წლიდან საქართველოს დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო და ქვეყანას ევროკავშირიც ეხმარება. მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული კანონი კი აწესებს გამჭვირვალობის ახალ წესებს და ავალდებულებს ამ სამოქალაქო ინსტიტუციებს განაცხადონ, რომ ისინი „უცხო ძალების ინტერესებს ატარებენ“ - წერია სტატიაში.

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსეთის კანონის ანალოგია, რომლითაც, მათი თქმით, 2012 წელს პუტინმა ძალაუფლება გაიძლიერა. 

WSJ ციტირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს, რომელმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "ღრმად შეშფოთებულია" ახალი კანონით, მაგრამ კრემლი მხარს უჭერს, რაც "კანონის მიზნის მინიშნებაა". გამოცემა იხსენებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2023 წელს, მძლავრი პროტესტის შემდეგ, რუსული კანონის მიღება ჩაშალა. 

"საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. მისი შედეგი გავლენას მოახდენს იმაზე, ვინ გახდება პრეზიდენტი ამ წლის ბოლოს. ბოლო რეფორმების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტობას განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი წარმომადგენლებისგან", - წერს გამოცემა.

WSJ ციტირებს ოლიგარქი ივანიშვილის ბოლოდროინდელ მუქარებსაც ოპონენტების წინააღმდეგ და წერს:

"არჩევნების შემდეგ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს სათანადო სასჯელს და გადაიხდის საფასურს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის“, - დაიმუქრა ის. "ქართულ ოცნებას" და მის მოკავშირეებს პარლამენტში საკმარისი ხმები აქვთ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მისაღებად და ასევე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, თუმცა მაგრამ პოლიციის ქმედებებმა აქციის მონაწილეები კიდევ უფრო მომართა. ქართველებს ესმით, რომ სწორედ ასე ვრცელდება პუტინიზმი - ეშმაკურად და ეტაპობრივად, ყველაფერი კი მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეების სტიგმატიზებით, დევნითა და შევიწროვებით იწყება", - აღნიშნულია სტატიაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი