თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "ქართული ოცნების" რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონდმებლო ცვლილებები და მათი ქმედებები ქართველი ხალხის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
"ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე - დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
"ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას და მიზნად ისახავს ქართველების იზოლაციას აშშ-გან და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით," - წერს სალივანი X-ზე.