ქართული ოცნების დაპირებები 2012 წლიდან დღემდე, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ შესრულებულა

გამოქვეყნდა:

ბოჭკოვანი მინის საწარმო, ლითონისა და ქიმიური პროდუქციის წარმოება.... - წლების წინ დაპირებული 100 მოგუგუნე ქარხნის შემდეგ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველი გუნდი მოსახლეობას ქვეყანაში ისევ საწარმოების მშენებლობას პირდება. გადაწვეტილება 26 აპრილს, ეკონომიკის მინისტრმა გააჟღერა.

არადა, "ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის შემდეგ, დაპირებების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ზემოთხსენებული 100 ქარხნის აშენება - დღემდე შეუსრულებელია.

გავიხსენოთ შეუსრულებელი დაპირებები:

"ჩვენი ოცნებების ასრულებას გაუმააარ-ჯოს!!" - ასე დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა ოლიგარქმა, რომელმაც მართვის სადავეების ხელში ჩაგდებამდე, მოსახლეობას უამრავი დაპირება მისცა. როგორც თავად ამბობდა, "რეალური და კარგად დათვლილი". 

ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებების სია გრძელია და 2012 წლიდან იწყება - "სამართლიანობის აღდგენა", "იოლი და უფასო ფული", განახევრებული ტარიფები, 5 მილიონი თითო სოფელს, და სხვა.

შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნება", ცხრა წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად ერთი დაპირების - ე.წ. "სამართლიანობის აღდგენაზე" "ზრუნავდა" - ამაზე იდგა მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც. თუმცა, ბუნდოვანია, საიდან იწყება სამართლიანობის ათვლა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ოცნებისთვის" ეს, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გასამართლებასა და დასჯას გულისხმობს:

  • ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება არაერთ საქმეზე დაიწყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღემდე ქვეყნიდანაა დევნილი და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მას პატიმრობა ემუქრება;
  • სამჯერ, ერთსა და იმავე საქმეზე დააკავეს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა;
  • დააპატიმრეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი;
  • საქმე აღიძრა და მალევე დააკავეს, ამ დრომდე პატიმრობაში მყოფი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაიაც, რომელიც საგამოძიებო უწყებაში თავისი ნებით მივიდა;
  • ქვეყნიდან წასვლა მოუწია ყოფილი ხელსუფლების არაერთ სხვა წარმომადგენელს, მათ შორის: კობა სუბელიანს, დავით კეზერაშვილს, დათა ახალაიას, ზურაბ ადეიშვილს..
  • ამ დრომდე ციხეში რჩებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების დამფინანსებელი გიორგი რურუა. 

დაპირებებებისა და პოლიტიკური დევნის გამო, მუდმივად იყო და არის საუბარი, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც, რომ ოპონენტებზე პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება.

სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე შურისძიებითა და მათი დაკავებებით ცდილობდა ოლიგარქის პარტია შეუსრულებელი დაპირებების გადაფარვასაც... თუმცა, ეს დაპირებები, ცოტას თუ დაავიწყდებოდა;

ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე აქტიურად საუბრობდა, ქარხნების მშენებლობა იყო. თავიდან 60-ის, შემდეგ კი 100 ქარხნის აშენებაზე ითქვა. მაგალითად 2015 წელს, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასანთის ქარხნის აშენების ინიციატივითაც გამოვიდა. და მართალია, მოსახლეობას შეპირდნენ, თუმცა - დღემდე არ აშენებულა. 

ქარხნების აშენების დაპირებამდე, მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ივანიშვილმა საკონსერვო და ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზეც ისაუბრა. თქვა, რომ "იქნება საშუალება იაფი და იოლი ფულის. იაფი და უფასო ფულისაც კი".

"უფასო ფულის" დაპირება ერთი შეხედვით შეუსრულებელად ჟღერს, თუმცა ის ყოველდღიურად, როგორც კარგი ოცნება გვიხდება - ლარი უფასურდება, მოსახლეობის ხელფასი კი, დღეს იმაზე გაცილებით ნაკლებად მსყიდველუნარიანია, ვიდრე ეს 9 წლის წინ იყო. 

ბიძინა ივანიშვილმა მორიგი, საკმაოდ "შთამბეჭდავი" დაპირება 2014 წელს, ურეკში მოსახლეობასთან შეხვედრისას გასცა - სოლარიუმი ყველა სასტუმროს. ეს დაპირებაც ოცნებად დარჩა.

"ოცნების" კიდევ ერთი დაპირება, 125-ლარიანი პენსიის ჯერ 150, შემდეგ კი, ეტაპობრივად, 220 ლარამდე გაზრდა იყო. პენსიების გაზრდის შესახებ პარლამენტში მისულ ივანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელმა წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემაც ჰკითხა. მაშინ ოლიგარქმა თქვა, რომ პენსია ეტაპობრივად გაიზრდებოდა და საარსებო მინიმუმს, 220 ლარსაც გაუტოლდებოდა.

ამ დაპირების შესრულება "ოცნებამ" მხოლოდ მმართველობის მერვე წელს შეძლო. თუმცა, ნიშანდობლივი ისაა, რომ 2012 წელს, დოლარის მაშინდელი კურსის გათვალისწინებით, პენსიონერები გაცილებით მეტ თანხას იღებდნენ, ვიდრე დღეს - თუ 2012 წელს, მაშინდელი საშუალო პენსია, 150 ლარი 90$ იყო, ივანიშვილის დაპირებული 220-ლარიანი პენსია დღეს მხოლოდ 70$-ის ექვივალენტია. 

"ქართული ოცნების" მორიგი დაპირება სოფლის მეურნეობის აღორძინება და ამ სფეროში 1-მილიარდიანი ინვესტიცია იყო. 2013 წელს, ამ მიზნით თანაინვესტირების ფონდი დაფუძნდა, სადაც ოლიგარქ ივანიშვილს, დაპირებისამებრ, 1 მილიარდი დოლარი უნდა შეეტანა, თუმცა ამ სფეროში მან მხოლოდ 200 მილიონი ჩადო - შესაბამისად, მოსახლეობას არც ეს "ოცნება აუხდინა". 

ოლიგარქი "ნაციონალური მოძრაობის" დროს შექმნილ "მონოპოლიებზეც" ხშირად საუბრობდა - ამომრჩეველს პირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, "ბიზნესზე მონოპოლიებს" გააუქმებდა - ბენზინსაც გააიაფებდა. 2014 წელს კი მან აღიარა, რომ "ამაზე მუშაობა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე წარმოედგინა". საბოლოოდ, ივანიშვილს ამ დაპირების შესრულება ცხრა წლის შემდეგაც არ გამოუვიდა.. დღეს ბენზინი საქართველოში ყოველდღიურად ძვირდება. 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ივანიშვილმა მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ "მესამე წელი იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს, მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი". 

ოთხი წლის შემდეგ კი, ანუ 2016-ში, მედია სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა: "ჯიბეზე იგრძნობთ" და ეგ სიტყვები ჩემი ტერმინები არ არის და კეთილი ინებეთ და პუნქტუალობას მიეჩვიეთ. პუნქტუალობას მიეჩვიეთ"...

ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი დაპირება კი 2019 წლით თარიღდება -  2020 წლის საპარალამენტო არჩვნების პროპორციული სისტემით ჩატარება. მმართველმა გუნდმა, ეს დაპირება, 24 ივნისს მას შემდეგ გასცა, რაც 20 ივნისს, რუსი, კომუნისტი დეპუტატის პარალამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმას, მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, მაშინ სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. თუმცა 2019 წლის ნოემბერში, ეს დაპირება "ამბოხებულმა დეპუტატებმა" ჩააგდეს, რასაც თბილისში კვლავ აქციები მოჰყვა. 

"შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში," - განაცხადა წლების წინ ოლიგარქმა და ალბათ, ეს ერთადერთი დაპირებაა, რომელიც ივანიშვილმა პირნათლად შეასრულა -  ევროპა ნამდვილად გააოცა, თუმცა არა ისე, როგორც ალბათ თავად გულისხმობდა. 

ევროპასთან ერთად გაოცებულია ქართული საზოგადოება, ისიც სიდუხჭირით. ამაზე ბოლო კვლევებიც მიუთითებს, სადაც მთავარ გამოწვევად კვლავ ეკონომიკური სიდუხჭირე და სამუშაო ადგილების არარსებობა რჩება.

და აქვე შეგახსენებთ, რომ ეს "ოცნებისა" და პოლიტიკიდან აწ უკვე "წასული" ივანიშვილის დაპირებების მხოლოდ ნაწილია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი